დღევანდელი ტურის ბოლო 2 მატჩი თითქმის ერთნაირი სხვაობით დასრულდა.
„ქუთაისმა“ 29 ქულით მოუგო სტუ–ს, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა რუსთავის
„ენერჯი–ინვესტი“ 30 ქულით დაამარცხა.
ნუგზარ კანდელაკმა მედიკოსთა გუნდის მწვრთნელის რანგში პირველი
გამარჯვება იზეიმა. ის ამ მოგებას მთელი 6 თამაში ელოდა. პირველი წრის შემდეგ
თსსუ–ს მწვრთნელი გამოუცვალეს. სერგო იშხნელის ნაცვლად კანდელაკი მოიყვანეს, თუმც
მედიკოსთა გუნდმა ჯერ ქორქია–საკანდელიძის მემორიალზე წააგო 3 მატჩი, მერე თასის
გათამაშების მეოთხედფინალიდან შსს–მ გამოაგდო, ხოლო სუპერლიგის საწყისი მეორე წრის
საწყის სამ შეხვედრაში შსს–სთან, სსაუ–სთან და თსუ–სთან წააგო შესაბამისად. და აი,
მედიკოსებმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ გამარჯვებას მიაღწიეს.
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს ცხრილში მასზე მაღლა მყოფი, თუმც
პირველი წრის შემდეგ გვარიანად დასუსტებული და თინეიჯერ მოთამაშეთა იმედზე
დარჩენილი „ენერჯი–ინვესტი“ ხვდებოდა. რუსთაველებმა პირველ ტაიმში მოახერხეს
წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მესამე ათწუთეულში ყველაფერი მედიკოსთა სასარგებლოდ
გადაწყდა. ყოფილი რუსთაველი აკაკი დვალიშვილის მონდომებით ნუგზარ კანდელაკის
გუნდმა მესამე პერიოდი 26:6 მოიგო და შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა სტუ–სა და „ქუთაისის“
დაპირისპირება. ტექნიკოსებმა პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს
იმერლებს. დიდი შესვენებისთვის ქუთაისელები მხოლოდ 4 ქულით იგებდნენ (43:39),
თუმცა განახლდა თამაში და სტუმრებმა ყველა კომპონენტში სოლიდური უპირატესობა
მოიპოვეს. ქუთაისელთა ლიდერი ბუბა კვიმსაძე შეუჩერებელი იყო. ის ქულებს ხომ
იხვეჭდა და პასებსაც უხვად არიგებდა. საბოლოოდ მან 23 ქულა და 9 პასი მიითვალა,
რასაც 6 ჩაჭრა მოაყოლა და სტუ–ს წინააღმდეგობის გატეხვაში მთავარი როლი შეასრულა.
ჩინებულად გაისარჯნენ იმერული კლუბის ახალგაზრდები – ავთანდილ ლომინაშვილი და
გიორგი ბარბაქაძე, რომლებმაც 18–18 ქულა მიაშველეს თავისიანებს.