“მეგამ” “დინამოს” ბოლო წუთზე მოუგო

“მეგამ” “დინამოს” ბოლო წუთზე მოუგო

ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაგეგმილი სუპერლიგის მე-3 ტურის 2 მატჩიდან პირველი დასრულდა.საკალათბურთო კლუბმა “მეგამ” 81:76 (სტატისტიკა) დაამარცხა “დინამო” და ლიდერებში გაერია. არადა, მიხეილ ტერეხოვის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგა წაგებით გახსნა და მას შემდეგ ჯერ “ტიტებს” მოუგო, დღეს კი “დინამოსაც” სძლია.

ორივე გუნდს ამ შეხვედრამდე თითო მოგებ-წაგება ჰქონდა და ცხადია, გამარჯვება სეზონის სტარტზე კომფორტულ ვითარებაში აყენებდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილ დინამოელებს წინა ტურში 2 ლეგიონერი – რაჰსან უილიამსი და ბენჟამინ ქოლეჯი დაემატათ, “მეგას” კი თავიდანვე ჰყავს 4 ლეგიონერი და უფრო მეტად შეთამაშებულია. მთელი თამაშის მანძილზე თანაბარი ორთაბრძოლის კვანძი სწორედ ლეგიონერის ოსტატობამ გახსნა.

საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე, როცა “მეგა” 72:71 იგებდა, გუნდის უკანახაზელმა ჯიმონ ჰენსონმა შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც “მეგამ” დაცვაში იყოჩაღა და ჰენსონმა სწრაფი შეტევით “მეგას ლიდერობა 6 ქულამდე გაზარდა. შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. ტერეხოვის გუნდმა თამაში გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა და ლიდერებშიც გაერია.

გამარჯვებულებს კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა, დემონტე ფლანიგანმა ულიდერა 24 ქულითა და 13 მოხსნით. ჰენსონმა 22 ქულას მოუყარა თავი, ტაილერ კორბინის ანგარიშზე კი 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა დაგროვდა.  დინამოელთაგან 14 ქულით ვოვა თავაქარაშვილი გამოირჩა, რაჰსან უილიამსის ანგარიშზე კი 11 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.