მეგამ წარმატებული სერია დინამოსთან მატჩშიც გააგრძელა

მეგამ წარმატებული სერია დინამოსთან მატჩშიც გააგრძელა

თვენახევრიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა. კორონავირუსული პანდემიის გამო მეორე წრის საწყისი 2 ტური გადაიდო და დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 4 მატჩი ჩატარდება. პირველი შეხვედრა დასრულდა, რომელშიც “მეგამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “დინამოსთან” – 89:74 (სტატისტიკა).

ამით მეგამ წარმატებული სერია გააგრძელა, რომელიც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მოსვლით დაიწყო. მეგამ სუპერლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო იანვარში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალამდე მივიდა და სატიტულო შეხვედრა “ქუთაისთან” დათმო.

დღევანდელ მატჩში მეგას პრობლემა არ შეჰქმნია. ჩერქეზიშვილის გუნდიდან ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო – პირველ პერიოდში იმდენად ვერა, თუმცა მეორეში მეგას კალათბურთელებმა  ყველა კომპონენტში გაილაღეს – განსაკუთრებით პერიმეტრსმიღმიდან და 32:13 მოგებული ათწუთეულის შემდეგ მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. მეგა 26 ქულით იგებდა და საბოლოო წარმატებამდე მესამე პერიოდის უსაფრთხოდ ჩატარება აშორებდა.

მართალია, დინამოელებმა შედეგიანად დაიწყეს თამაში და მესამე პერიოდი 12 ქულით მოიგეს, თუმცა ბოლო პერიოდში ათამაშდა მეგას ლიდერი, დემონტე ფლანიგანი, რომელიც მანამდე შედარებით პასიური იყო (პირველ ნახევარში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა). ბოლო პერიოდი მეგამ 3 ქულით მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა. 

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ტაილერ კორბინი, რომელმაც 21 ქულა, 13 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა ოთარ ბულიავამ, ფლანიგანის ანგარიშზე კი 19 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. “დინამოში 24 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ბენჟამინ ქოლეჯის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.

5 მოგებითა და 6 მარცხით მეგა ამ მომენტისთვის სუპერლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა. დინამოს კი 11 მატჩიდან ერთადერთი გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.