მეგამ ვერას სძლია და ცხრილის შუაში განთავსდა

მეგამ ვერას სძლია და ცხრილის შუაში განთავსდა

სუპერლიგის ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს თითქმის იდენტური შედეგების მქონე გუნდები – მეგა და ვერა ხვდებოდნენ. ორივეს მიმდინარე სუპერლიგაში 2 მოგება ჰქონდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას თითოეულისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

გამარჯვება მეგას დარჩა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 78:69 (სტატისტიკა) გაიმარჯვა, რაც არსებულ რეალობასთან მიმართებაში ლოგიკური შედეგი გახლდათ. ვერას სერიოზული პრობლემები აქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით. ტრავმები გამო გუნდმა თავდაპირველად ჯეიმს ჰემპშირი მოისაკლისა, რომელიც უკვე სამშობლოშია. შემდეგ კი ხელი იღრძო გუნდის მთავარმა მექულემ – ჯამირ კოულმენმა, რომელმაც დღეს ვერ ითამაშა და დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთი ლეგიონერის ამარა დარჩა.

ვერელები მეტოქეს პერიოდნახევარი ებრძოლნენ, რის შემდეგაც მეგამ თავისი გაიტანა. მეორე ათწუთეული მეგამ 26:19 მოიგო, მესამეში კი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მეგაში 20 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო მარკუს გილსონი. 17 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი რონი როზიეს ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა ჩეჩელაშვილმა. ვერელთაგან 20 ქულით საუკეთესო შედეგი მარტის კიმბრომ დააფიქსირა. 14 ქულა და 8 მოხსნა ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა. 

3 მოგებითა და 7 წაგებით მეგამ ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა, თუმცა გუნდს ყველაზე მეტი – 10 მატჩი აქვს გამართული. ვერა 9 მატჩიდან 2 მოგებით ბოლოსწინა ადგილზეა.