მემორიალის ფინალში ქუთაისი და სოხუმი შეხვდებიან

მემორიალის ფინალში ქუთაისი და სოხუმი შეხვდებიან

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ფინალში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „სოხუმი“ შეხვდებიან. ამ გუნდებმა ქუთაისში მიმდინარე ტურნირის ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს და სატიტულო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

„ქუთაისმა“ ფინალში გასასვლელ მატჩში „რუსთავს“ 4 ქულით – 71:68 სძლია. ორივე გუნდს მანამდელ მატჩებში გამარჯვებები ჰქონდათ მოპოვებული და ცხადი იყო, რომ პირველ ადგილზე მათ შორის გამარჯვებული გავიდოდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მეორე მეოთხედის შუამდე შედარებით თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა დიდი შესვენებისთვის მასპინძლებმა 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 38:31. ამის შემდეგ დაიწყო რუსთაველთა ბრძოლა თამაშის გათანაბრებისთვის,
რაც ბოლო წამებამდე, წარუმატებლად დასრულდა. ქვემო ქართლური გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა მწყობრად მოთამაშე მასპინძლების გატეხვა. ქუთაისელთა გუნდში 23 ქულით საუკეთესო იყო გოგა ცეკვავა, 11 ქულა და 15 მოხსნა ბექა ბექაურმა დააგროვა, ხოლო ივან მიკულიჩმა მასპინძლებს 11 ქულა და 5 პასი მიაშველა.

ამავე ჯგუფის უმოტივაციო მატჩში 2-2 წაგების მქონე გუნდები შეხვდნენ. „აკადემიამ“ ტრავმირებული ლიდერის, მორის ბრიგსის გარეშე 31 ქულის სხვაობით დაამარცხა „მგზავრები“. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ მგზავრებსაც აკლდათ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე – ამერიკელი რეჯი მერფი.

მეორე ჯგუფის გამარჯვებული „სოხუმი“ გახდა, რომელმაც საკვანძო მატჩში „წყალტუბო“ 82:68 დაამარცხა. იმერულ კლუბს მანამდე 2 მოგება ჰქონდა მოპოვებული და წარმატების შემთხვევაში პირდაპირ გადიოდა ფინალში. „სოხუმს“ კი მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ჯგუფის მეორე მატჩში „ბათუმს“ „ოლიმპი“ რომ დაემარცხებინა, ფინალში აჭარელები გადიოდნენ.

„სოხუმმა“ ვერ შეძლო 19 ქულით გამარჯვება, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა, რადგან „ბათუმი“ „ოლიმპთან“ მატჩში არ გამოცხადდა. აჭარული გუნდის წამყვანი მოთამაშეები გაცივების გამო სათამაშოდ მზად არ აღმოჩდნენ და შესაბამისად, „ოლიმპს“ ტექნიკური გამარჯვება – 20:0 ჩაეწერა.

ფინალური მატჩი, რომელშიც „სოხუმი“ მასპინძელ „ქუთაისს“ შეხვდება, 16 იანვარს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.