მემორიალის პირველი ფინალისტი ცნობილია

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე პირველი
ფინალისტი გამოვლინდა. სატიტულო მატჩის მონაწილე „ბ“ ჯგუფის ბოლო მატჩმა გაარკვია.

 „შსს-აკადემიისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება ამ უკანასკნელმა 3 ქულით – 81:78 მოიგო
და ფინალში გავიდა.

 მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. რუსთაველებმა ძლიერი
დაცვისა და შეუპოვრობის ხარჯზე საამაყო გამარჯვება მოიპოვეს. ქვემოქართლელებისთვის
ამ მატჩის მოგება იმიტომაც ფასობს ძვირად, რომ თამაშის მსვლელობისას 15 ქულით აგებდნენ
და უდიდესი მონდომების ხარჯზე შეხვედრის შემობრუნება შეძლეს.

 ბოლო პერიოდის წინ შსს 5 ქულით ლიდერობდა, მაგრამ ეს
ჩამორჩენა რუსთაველებმა მალევე გაქვითეს. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი დაცვაში გამაგრდა,
შეტევა კი სწრაფ გარღვევებზე ააწყო, რასაც, პერიოდულად, სამქულიანებს უნაცვლებდა და
ამ ტაქტიკამ შედეგი მოიტანა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რუსთაველები 5 ქულით
დაწინაურდნენ.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ძირითადად ლეგიონერების
ხარჯზე მოახერხა ჩამორჩენის აღმოფხვრა. დეონტა ვონმა სამქულიანი მიითვალა, არჩიბეკმა
ფარქვეშიდან იხეირა და როცა აკადემიელებმა მეტოქეს ზედიზედ მესამე შეტევა ჩაუჭრეს,
ვონი საჯარიმოს ხაზზე დადგა. მატჩის დასრულებამდე 29 წამით ადრე ამერიკელი უკანახაზელის
საჯარიმოებით გიორგოს კეცელიდისის გუნდი დაწინაურდა კიდეც – 78:77.

 შსს-ს დაცვა გაამაგრა და რუსთაველთა სნაიპერი უკანახაზელები
– ნეით ბოუი და გოგა ცეკვავა საიმედოთ გაანეიტრალა, მაგრამ ბურთი ქვემოქართლელთა ცენტრს,
208 სანტიმეტრი სიმაღლის რევაზ ათანელიშვილს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი სამქულიანით თავისი
გუნდი 80:78 დააწინაურა. აკადემიელებს საქმის გამოსასწორებლად 18 წამი ჰქონდათ, თუმცა
დენოთა ვონმა შეტევაში ბურთი დაკარგა, რომელიც რუსთაველთა ამერიკელმა ფორვარდმა კაილ
ნელსონმა მოიხელთა. შსს-ელები ამერიკელზე მყისიერად დაჯარიმდნენ და ნელსონმა საფინალო
სირენამდე 9 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა. ამერიკელმა მოულოდნელად ორივე საჯარიმო
ააცილა, მაგრამ ბურთი რუსთაველმა გადამრჩენელმა ათანელიშვილმა მოხსნა და ახლა იგი დადგა
საჯარიმოს ხაზზე. რუსთაველთა ცენტრმაც ორივე სროლა ააცილა და კეცელიდისის გუნდს კვლავ
მიეცა მატჩის გადარჩენის შანსი.

 ყველასთვის მოულოდნელად თამაში საკუთარ თავზე 19 წლის
რევაზ როგავამ აიღო, რომელმაც სამქულიანი არაზუსტად ესროლა, ხოლო ფარიდან ასხლეტილ
ბურთს რომ რუსთაველები დაეპატრონნენ, მატჩის ბედი საბოლოოდ გაირკვა.

 გამარჯვებულებს ულიდერა და წარმატებაში ლომის წილი დაიდო
რუსთაველთა ამერიკელმა ნეით ბოუიმ, რომელმაც 21 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა
მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა კაილ ნელსონს, ხოლო ცეკვავამ და ათანელიშვილმა 12-12 მიითვალეს.
შსს-ელთაგან 17 ქულით ჩად პრევიტი გამოირჩა, ხოლო მეორე ამერიკელმა – კირკ არჩიბეკმა
16 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა და 5-5 პასი, მოხსნა და ჩაჭრა ჰქონდა დეონტა
ვონს.

 ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთამნეთს „არმია“ და „ოლიმპი“
დაუპირისპირდებიან. ფინალში გასასვლელად ოლიმპელებს 14-ქულიანი მარცხიც აძლევთ ხელს.
შსს აკადემია-რუსთავი 78:81