მესამე ნახევარფინალისტი – ქუთაისი

მესამე ნახევარფინალისტი – ქუთაისი

თასის გათამაშების მესამე ნახევარფინალისტი „ქუთაისია“.
იმერულმა კლუბმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართულ მატჩში „რუსთავი“ 77:73
დაამარცხა და ნახევარფინალში მანამდე გასულ „არმიასა“ და „შსს-აკადემიას“ შეუერთდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თითქმის
მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მცირედით ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა
წინ, ხან – მეორე. რუსთაველებმა ბოლო პერიოდში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და
გამარჯვების მოპოვებამდე ბევრიც აღარ აკლდათ, მაგრამ „ქუთაისის“ კალათბურთელებმა დიდი
ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაძვრენა შეძლეს.

მატჩის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე ქვემოქართლურმა
გუნდმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ქუთაისელებმა მორიგ შეტევაში სამქულიანი ჩააგდეს,
თანაც ეს მათმა ცენტრმა, რიჩარდ მათიაშვილმა მოახერხა. იმერულმა კლუბმა დაცვაში კარგი
თამაშის წყალობით რამდენჯერმე ბურთი ჩაჭრა, რასაც სწრაფი კონტრშეტევა მოაყოლა და ბოლო
წუთზე სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. ეს ჩამორჩენა ქუთაისელებმა ბუბა კვიმსაძის სამქულიანით
აღმოფხვრეს, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა ფარქვეშ გონივრულად ითამაშა და იმერული კლუბი
დააწინაურა. გადამწყვეტ შეტევაში რუსთაველებმა ბურთი დაკარგეს, რასაც კვიმსაძის 2 ზუსტი
საჯარიმო მოჰყვა და მატჩის ბედიც „ქუთაისის“ სასარგებლოდ გადაწყდა.

გამარჯვებულ კლუბში 29 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო
რიჩარდ მათიაშვილი იყო, ბუბა კვიმსაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. რუსთაველთა შორის
30 ქულით გოგა ცეკვავა გამოირჩა, ხოლო კაილ ნელსონმა 17 მიითვალა.

ბოლო ნახევარფინალისტი „ოლიმპისა“ და „დინამოს“ მეოთხედფინალურ
დაპირისპირებაში გამოვლინდება, რომელიც საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 18 საათზე
დაიწყო.
რუსთავი-ქუთაისი  73:77