სტატისტიკაგალერეასუპერლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. „სოხუმმა“, რომელიც
„ბათუმთან“ ერთად დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი იყო, მე-6 ტურის ბოლო მატჩში
მარცხი განიცადა და პირველობა აჭარულ გუნდს დარჩა. სოხუმელთა დამარცხება ბუბა ბერიშვილის
გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ მოახერხეს, რომელსაც აქამდე მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა
– ისიც პირველ ტურში.
„მგზავრების“ გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია, რადგან
ბერიშვილის გუნდმა 13-ქულიანი ლიდერობის განიავებისა და 9 ქულით ჩამორჩენის შემდეგ
საკუთარ თავში ძალები მონახა და გამარჯვებამდე მივიდა. ფავორიტად შერაცხული „სოხუმი“
მთელი პირველი ტაიმი ჩამორჩებოდა, ერთხანს 13 ქულითაც, როცა „მგზავრებმა“ გუნდური თამაშის
წყალობით 40:27 ლიდერობა მოიპოვეს.
დიდ შესვენებაზე ბერიშვილის გუნდი 10 ქულით – 44:34
იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში ვითარება სოხუმელებმა შეცვალეს. აღნიშნული პერიოდი
„სოხუმმა“ 30:13 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 64:57 დაწინაურდა. ლიდერობას
ნაჩვევი „მგზავრები“ თავად აღმოჩდნენ მდევრის როლში და როგორც ჩანდა, ფავორიტად შერაცხული
„სოხუმი“ დაგეგმილ გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა კახა ჯინჭარაძის შედეგიანი თამაშით,
რომელსაც მხარი მთელმა გუნდმა აუბა, „მგზავრებმა“ ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ
გასამარჯვებლად სამყოფ ლიდერობასაც დაეპატრონენ.
ყველაფერი რაშად რენსომისა და კახა ჯინჭარაძის შედეგიანობამ
გადაწყვიტა. ამერიკელმა ლეგიონერმა ბოლო პერიოდში 11 ქულა მიითვალა, ჯინჭარაძემ კი
– 13. მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე გადაწყდა, როცა რენსომის სწრაფ
გარღვევას „მგზავრების“ 12-ქულიანი დაწინაურება მოჰყვა – 87:75. „სოხუმი“ ეცადა, მაგრამ
ხსენებული ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოასწრო. საბოლოოდ „მგზავრებმა“ 92:88 გაიმარჯვეს
და ამაში ჯინჭარაძემ 30-ქულიანი წვლილი შეიტანა. არანაკლებ სარგებლიანი იყო რენსომი,
რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 23 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა
დაგროვდა. ძალიან სარგებლიანი იყო გიორგი ცირეკიძეც, რომელმაც შეხვედრა 19 ქულითა და
11 მოხსნით დაასრულა. მატჩის ბომბარდირი კი „სოხუმის“ ამერიკელი ლეგიონერი ფილიპ მილერი
გახდა, თუმცა მისი 31 ქულა სოხუმელების მარცხი გამო არ დაფასდა.
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
ვაჟა კვარაცხელია
( „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ზედმეტად თავდაჯერებულები გამოვედით მოედანზე, რაც
ჩვენი მარცხის მიზეზი გახდა. ვეცდებით მომდევნო ტურში, „ბათუმთან“ შეხვედრაში გამოვასწოროთ
ჩვენი შეცდომები.
ანატოლი ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო ოთხი წაგების მერე. ამისათვის ჩვენ 4 კვირა ვემზადებოდით. ბიჭებმა მაქსიმალური
ძალისხმევით შეასრულეს ჩემი დავალებები და მივაღწიეთ კიდეც სასურველ შედეგს. ეს გამარჯვება
ჩვენთვის სტიმული უნდა იყოს და უფრო უნდა მოვუმატოთ წინსვლას, რადგან სუპერლიგის ლიდერთან
გამარჯვებით ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნა.
სუპერლიგის მორიგი, მე-7 ტური 27 და 28 ნოემბერს, ბათუმში,
ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.