სუპერლიგაში ბოლო ადგილზე მყოფმა “მგზავრებმა” საჩემპიონო ამბიციის და დაკარგული ქულებით მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “დინამო” 41 ქულით გაანადგურა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მუჰამედ ტაჩის გუნდს ისე მოუგო, შანსი არ მიუცია. რთულია, ასეთი იოლი გამარჯვების მიზეზად ის 2 კალათბურთელი დავასახელოთ, რომლებსაც “მგზავრებში” ამ მატჩში დებიუტი ჰქონდათ, თუმცა ფაქტია – ლოველ ქაბილმა 22, ხოლო ჯოზეფ როკამ 19 ქულა მიითვალეს და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
პირველი პერიოდი ფრედ – 23:23 დასრულდა. ქაბილმა 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო წარმატებული თამაში მეორე პერიოდშიც გააგრძელა. მას ეხმარებოდა ტაჯ სპენსერი, რომელიც საბოლოოდ 22 ქულით ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია კოტე ბიწაძისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობაც, რომლებმაც საკუთარ მოვალეობებს ფრიადზე გაართვეს თავი და მესამე პერიოდში “მგზავრების” ლიდერობამ 25 ქულას მიაღწია.
ჩინებულად გაისარჯა კანადელი ახალწვეული ჯოზეფ როკა, რომელმაც “მგზავრების” ისედაც სწრაფ უკანა ხაზს მობილურობა შემატა. როკამ თავადაც ბლომად ქულები ჩააგდო და არც პასები დაუგვიანებია თანაგუნდელთათვის. ბერიშვილის გუნდის უპირატესობამ ბოლო პერიოდში 30 ქულას მიაღწია და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა. დინამოელთა მწვრთნელმა ბოლო 7 წუთში მოედანზე გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეები გაიყვანა და “მგზავრემა” ლიდერობა რეკორდულ 41 ქულამდე გაზარდეს – 111:70. მიმდინარე სეზონში არც 111 ქულა ჩაუგდია ვინმეს და არც 41-ქულიანი სხვაობა დაფიქსირებულა.
“მგზავრებმა” მინდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით “კაკტუსს” გაუთანაბრდა, რომელიც დღეს მომდევნო მატჩში “ტიტებს” დაუპირისპირდება.
მგზავრები – დინამო
სტატისტიკა: 111:70