სუპერლიგის საუკეთესო ოთხეული შეივსო. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, “მგზავრებმა” დამაჯერებელი სხვაობით – 97:76 დაამარცხა “ბათუმი” და მეოთხედფინალური სერია 3:2 მოიგო. პლეი ოფის პირველი რაუნდის ყველაზე დაძაბული სერია, რომელის გამარჯვებულის გარკვევას 5 მატჩის გამართვა დასჭირდა, ბუბა ბერიშვილის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. სერიაში 1:2 ჩამორჩენის შემდეგ “მგზავრებმა” 2 შეხვედრა მოიგეს – 8 მაისს ბათუმში და დღეს, თბილისში, რამაც ამ გუნდს ნახევარფინალური სერიის საგზური მოუტანა.
“ბათუმს” კი მხოლოდ ქება ეკუთვნის, რადგან გუნდმა ჯერ სუპერლიგიდან გავარდნას დააღწია თავი, შემდეგ პლეი ოფში გავიდა და მეოთხედფინალშიც საკმაოდ კარგად იასპარეზა. დღევანდელ მატჩში გია კაზანჯიანის გუნდს რესურსი არ ეყო. საკმაოდ გადაღლილი ჩანდა და რაც შეეძლო, მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია. “მგზავრების” მოთამაშეები ისეთი შემართებით იყვნენ, თავისი მაინც გაიტანეს. ბათუმელები მთელი თამაში ჩამორჩებოდნენ – პირველი პერიოდის შემდეგ 8 ქულით, ხოლო დიდი შესვენებისთვის – 10 ქულით აგებდნენ.
მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა შედეგიანად ათამაშდნენ “მგზავრების” ლეგიონერები – პრინს უილიამსი, ჯეიკობ არმსტრონგი და ადრიან ბოუი. არანაკლებ შედეგიანად ირჯებოდნენ კახა ჯინჭარაძე და რეზო ჩაჩანიძე, რომელთა ძალისხმევითაც “მგზავრებმა” დაიბრუნა 10-ქულიანი უპირატესობა და ბოლო პერიოდში გასამარჯვებლად საკმაო ლიდერობა მოიპოვა, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
საბოლოოდ ბერიშვილის გუნდმა 21-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, რაც “მგზავრების” გუნდური გარჯის შედეგი გახლდათ: ორმა მოთამაშემ სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. კახა ჯინჭარაძემ 19 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, ადრიან ბოუიმ კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი. 19 ქულა ჰქონდა ჯეიკობ არმსტრონგს, ხოლო 18 – პრინს უილიამსს. “ბათუმში” 15 ქულითა და 6-6 მოხსნა-პასით საუკეთესო იყო კეისი შეპარდი. 13-13 ქულა დააგროვეს ნოდარ გოგოძემ და სტეფან ანდრეევიჩმა.
მაშ ასე, ნახევარფინალში გასული “მგზავრები” “დელტას” შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში “ქუთაისი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური სერიის თამაშები 13 მაისიდან დაიწყება. იხილეთ: კალენდარი
მგზავრები – ბათუმი
სტატისტიკა: 96:76