მე-14 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები – მგზავრები და ტიტები შეხვდნენ. შესაბამისად, მოგებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს განსაკუთრებით ბოლო ადგილზე მყოფ მგზავრებზე ითქმის, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ნაკრები – 3 მოგება ჰქონდა და დღევანდელ შეხვედრის წაგება “ა” ლიგაში დაქვეითების მთავარ კანდიდატად აქცევდა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს მოგება ხელიდან გამოჰგლიჯა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთილმა ტიტებმა კი დასანანი მარცხი იგემა. ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ქებული დაცვისა და ზუსტი შეტევის ხარჯზე მგზავრებმა გამარჯვებისთვის საჭირო უპირატესობა მოიპოვეს.
ეს მგზავრებმა ძირითადად საჯარიმოებით მოახერხეს. ბოლო წუთებზე სოსო გოგნაძემ, ლოველ ქაბილმა და ჯოზეფ როკამ აუღელვებლად შეასრულეს სროლები და როცა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა, გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. საბოლოოდ მგზავრებმა 78:72 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 27 ქულისა და 12 მოხსნის მიმთვლელ ტაჯ სპენსერს მიუძღვის. 15 ქულა დააგროვა დარელ ქომბსიმ, ხოლო ჯოზეფ როკამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ტიტებში 20 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, 11-11 ქულა კი კორი სპენსმა და ტრისტინ უოლემ მოაგროვეს.
ამ გამარჯვებით მგზავრები ცხრილში გაუთანაბრდა 4 მოგების მქონე “ცხუმ-აფხაზეთს”, ხოლო ტიტები ამ გუნდებს მხოლოდ 1 ქულითღა უსწრებს.
ამ მატჩის წინ საინტერესო და განსხვავებული სოლიდარობის აქცია იხილა გულშემატკივარმა. ტიტების ახალგაზრდა მოთამაშემ, 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა ივა მეგენეიშვილმა ცოტა ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია გაიკეთა. თანაგუნდელისა და მეგობრის სოლიდარობის ნიშნად, ტიტების ყველა მოთამაშეს მატჩისწინა მოთელვაზე გუნდის ხელმძღვანელობის მიერ სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ წარწერით #getwellsoon IVA
სუპერლიგა უერთდება აქციას და გამოჯანმრთელებას უსურვებს ტიტებისა და ახალგაზრდული ნაკრების წევრს