,,მოაზროვნეები” კალათბურთის შესახებ
სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გრძელდება რუბრიკა N1 (კალათბურთი პირველია), სადაც კალათბურთის შესახებ ცნობილი ადამიანები საუბრობენ.
ამჯერად N1-ის სტუმრები ინტელექტ კლუბის ,,რა, სად, როდის?” წევრები გიორგი მოსიძე, ჯემალ ბეჯანიძე, სანდრო რაჩკოვსკი და არჩილ მაჭავარიანი არიან.
,,მოაზროვნეები” სუპერლიგის მე-2 წრის 10 ტურის ცენტრალურ შეხვედრას დაესწრნენ (შსს აკადემია – დინამო). მატჩის დასრულების შემდეგ კი შედგა ტრადიციული ინტერვიუ, სადაც ინტელექტ კლუბის წევრებმა კალათბურთზე დაუღალავად ისაუბრეს.
ს პ ო რ ტ ი
გიორგი მოსიძე: სპორტის დიდი მოყვარულნი ვართ. პლანეტის სპორტულ პულსზე გვიდევს ხელი და სპორტის სახეობათა შორის მთავარ სპორტად მივიჩნევთ კალათბურთს, რომელსაც ვეტრფით ბავშვობიდან. თვალყურს ვადევნებთ როგორც ევროპულ კალათბურთს, ასევე ამერიკულს – NBA, NCAA, NKY… საქართველოს სუპერლიგაზე არაფერს ვამბობ,ამ საკითხში ბოლომდე. ჩახედულები ვართ.
ჯემალ ბეჯანიძე: ჩემთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი კალათბურთი. თავისუფალ დროს ვუთმობ სპორტს, რომლის გამო ღამეებსაც კი ვათენებ. როდესაც NBA-ში თამაშები მიმდინარეობს, სულ სხვა განრიგით გიწევს ცხოვრობა.
გიორგი მოსიძე: პლეი ოფები როცა დაიწყება, ხომ საერთოდ.
არჩილ მაჭავარიანი: ჩვენ, როგორც ინტელექტ კლუბის წევრები, რა თქმა უნდა, ვართ აზარტულები და ვგულშემატკივრობთ სპორტის ყველა სახეობას, განსაკუთრებით ქართულ კალათბურთს რომელსაც დიდი გამოცდა ელის სლოვენიაში. ყველანი ვცოცხლობთ მომავალი ევროპის ჩემპიონატის მოლოდინით.
კ ა ლ ა თ ბ უ რ თ ი
გიორგი მოსიძე: კალათბურთი სპორტის ძალიან ინტელექტუალური სახეობაა. დიდ კალათბურთელებად ყველაზე ხშირად გონების გამოყენების მეშვეობით ხდებიან და მათ სიას თუ გადავხედავთ, ისინი ღრმა ინტელექტისა და ერუდიციის მქონე ადამიანები არიან, რაც საბოლოო ჯამში მათმა განვლილმა ცხოვრებამაც დაადასტურა.
ჯემალ ბეჯანიძე: როდესაც სპორტზე და ინტელექტზეა საუბარი ნეში და სტოკტონი რომ არ გაგახსენდეს, გამორიცხულია, ეს სპორტსმენები ყველაზე მეტად იყენებენ ინტელექტს და ასეთ გენიალურ პასებს მის გარეშე ვერ გააკეთებდნენ. ხშირად კალათბურთელებს ფიზიკურად რომ შეხედო, ვერც კი წარმოიდგენ, რომ ინტელექტუალურები არიან, მაგალითად დიკემბე მუტომბო, რომელიც არა მარტო დიდი სპორტსმენი გახლავთ, არამედ დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი და ხარიხსიც აქვს დაცული.
სანდრო რაჩკოვსკი: კალათბურთს იმიტომ გამოვარჩევდი გუნდური სახეობებიდან, რომ თითოეულ მოთამაშეს თანაბრად დიდი როლი აქვს თამაშის რეზულტატსა და მსველელობაზე. სპორტის ეს სახეობა გუნდურობით დიდად გამორჩეულია და იქ, სადაც ერთსულოვნებაა, სპორტული ინტელექტი ძალიან მაღალია.
გიორგი მოსიძე: არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე მწვრთნელის ინტელექტი, რომელიც გადამწყვეტია სპორტის ამ სახეობაში.
ს უ პ ე რ ლ ი გ ა
გიორგი მოსიძე: უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო რამდენიმე წელი, რაც სუპერლიგაში მაღალი დონის ლეგიონერები გამოჩნდნენ, თამაშის ხარისხმაც აიწია და ჩვენმა მოთამაშეებმაც საკმაოდ მოუმატეს. ეროვნული ჩეპპიონატი საინტერესო გახდა და წელს ისეთი სუპერლიგა გვაქვს, რომ ვერავინ დადებს თავს იმაზე, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. შესაძლოა ნებისმიერი გუნდი გამოვარდეს პლეიოფის პირველ ეტაპზე. ეს ძალიან მისასალმებელია და ვფიქრობ, ქართული კალათბურთი მიდის სწორი მიმართულებით, რასაც ადასტურებს ეროვნული ნაკრების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
ჯემალ ბეჟანიძე: დავეთნახმები გიორგის, რომ ბოლო წლებში სერიოზულად მოიმატა სუპერლიგის დონემ. პირველ რიგში, მაღალი დონის ლეგიონერებიდან გამომდინარე. ჩემპიონატში NBA-ს რამდენიმე კალათბურთელმა ითამაშა – გილერმო დიაზმა, სანტიედა გეინსმა, ჯერემი რიჩარდსონმა. რაც შეხება ჩემს საყვარელ გუნდს, ბავშვობიდან ბათუმის გულშატკივარი ვარ, ჯერ კიდევ ,,ბასკოს” დროიდან. მართალია ახლა გვიჭირს, მაგრამ იმედია ჩვენი დროც დაბრუნდება.
სანდრო რაჩკოვსკი: ბაშვობიდან მიყვარდა ეს სპორტი, სამოყვარულო დონეზე ღრმა ბავშვობიდან ვთამაშობდი. 10 წლის წინათ რომ ეთქვათ ჩემთვის NBA-ს კალათბურთელები ითამაშებდნენ სუპერლიგაშიო, ნამდვილად არ დავიჯერებდი. რიჩარდსონი, გეინსი, დიაზი. ამ მოთამაშეების სანახავად ხშირად დავდიოდი თამაშებზე, სტიემსმა კი NBA-ს ჩემს საყვარელ გუნდში თანასასტარტო ცენტრია. რაც შეეხება გამორჩეულ გუნდს სუპერლიგაში, ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა თამაშებს ხშირად ვადევნებ თვალყურს.
გიორგი მოსიძე: მე ,,რუსთავის” გუნდის თაყვანისმცემელი ვარ, ნეით ბოუის თამაშის სანახავად დავდივარ ხოლმე. ,,რუსთავი” მუდმივად მოულოდნელობებით აღსავსეა, შეუძლია ნებიმიერ გუნდთან გაიმარჯვოს ან დამარცხდეს. მიხარია, რომ ჩემი საყვარელი გუნდი წელს საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს.
ჯემალ ბეჟანიძე: ვფიქრობ რუსთავის გუნდი პლეიოფში ძალიან სახიფათო იქნება.
არჩილ მაჭავარიანი: სუპერლიგას შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალს, თუმცა პლეიოფში უფრო აქტიურად ჩავერთვები. ორი წლის წინ თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და ,,არმიის” დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ძალიან მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავდა.
ე რ ო ვ ნ უ ლ ი ნ ა კ რ ე ბ ი:
გიორგი მოსიძე: ჩვენ იმ თაყვანისმცემელთა რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებიც უკვე ჩაეწერნენ სლოვენიაში წამსვლელთა სიაში და ბილეთებიც შეკვეთილი გვაქვს. ცნობამ იმის თაობაზე, რომ ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა არ ითამაშოს, ძალიან დაგვამწუხრა, მაგრამ ვფიქრობთ ჩვენ ეს ვერ გაგვაჩერებს. გასულ ევროპის ჩემპიონატზეც ვიყავით კლაიპედაში და ქალაქ ცელიეშიც აღვმართავთ საქართველოს დროშას. დარწმუნებული ვარ თორნიკე შენგელია წელს მთელ ევროპას აჩვენებს თავის რეალურ ძალას.
ჯემალ ბეჟანიძე: ნაკრები სულ სხვა თემა და ემოციაა. თბილისში ჩატარებული არცერთი თამაში არ გამოგვიტოვებია და მოუთმენლად ველოდებით სლოვენიას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზაზა დაგვაკლდეს, მჯერა რომ თორნიკე შეძლებს აიღოს თავის თავზე ლიდერობა.
გიორგი მოისიძე: და გადაუროს ჩეხეთის ნაკრების ლიდერს იან ვესელის.
სანდრო რაჩკოვსკი: ზაზა ფაჩულიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ ფაქტს მიმსუბუქებს ის, რომ ძალიან მომატებული აქვს გიორგი შერმადინს ევროლიგაში. დიდი იმედი მაქვს რომ გიორგი იმავე შემართებით და სულისკვეთებით იასპარეზებს ეროვნულ ნაკრებში.
გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ო ბ ა:
გიორგი მოსიძე: ყველანაირ კალათბურთს ვუყურებ, ლიბანის ჩემპიონატსაც კი. ვარ,,დალასისა” და და დირკ ნოვიცკის თავყვანისმცემელი. სამწუხაროა, რომ პლეი ოფში ვერ გავდივართ. ევროპის ლიგაში მხარს ვუჭერ იმ გუნდებს, სადაც ქართველები ასპარეზობენ. ამჯამად პლეი ოფში შეგვრჩა მხოლოდ გიორგი შერმადინის ,,ოლიმპიაკოსი,” ვუყურებ უკრაინის ლიგას, სადაც გიორგი ცინცაძის ,,ბუდეველნიკი” ასპარეზობს. აგრეთვე ლიბანის ჩემპიონატსაც, სადაც ნიკა ცქიტიშვილი თამაშობდა. საქართველოში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, რუსთავის გულშემატკივარი ვარ.
ჯემალ ბეჯანიძე: ევროპულ კალათბურთს ნაკლებად ვადევნებ თვალყურს, უფრო ამერიკულ კალათბურთს ვანიჭებ უპირატესობას. NCAA-ში ,,იუკონს” და ნერლენს ნოელს ვგულშემატკივრობ, რომელმაც მძიმე ტრავმით დაასრულა სეზონი. NBA-ში კი ბავშვობიდან ჰაკიმ ოლაჯუონი იყო ჩემი ფავორიტი, ახლა კი ემეკა ოკაფორი, რომელსაც ძალიან ვამსგავსებ ოლაჯუონს. ვარ შარლოტის აქტიური გულშემატკივარი.
გიორგი მოსიძე: რომელიც ბოლო ადგილზე ასრულებს სეზონს.
ჯემალ ბეჯანიძე: მომავალ წელს იმედია უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ J
სანდრო რაჩკოვსკი: პირველ რიგში ,,მინესოტას” ფანი ვარ, ვაფასებ სპორტში ლოიალურობას, არ მიყვარს როდესაც გუნდებს სიძლიერის გამო გულშემატკივრობენ და სპორტში ეს ცუდ ნიშნად მიმაჩნია. ,,მინესოტას” გულისტკივილს მიმსუბუქებს ,,ბოსტონი” – ყველაზე ტიტულოვანი გუნდი NBA-ში.
არჩილ მაჭავარიანი: ცოტა წარსულში ვარ დარჩენილი, ევროპულ კალათბურთს დიდად არ ვწყალობ, უფრო NBA -თი ვიყავი გატაცებული. ,,ჩიკაგო ბულსი” ჩემი საყვარელი გუნდი იყო. ალბათ ყველას გვახსოვს ლეგენდარული შემადგებლობა – ჯორდანი, პიპენი, კუკოჩი, ლუკ ლონგლი… ახლა გამორჩეულად არა, თუმცა სუბიექტური მიზების გამო ვგულშემატკივრობ ,,ატლანტას”, სუპერლიგაში – კი ,,არმიას”.
ყ ვ ე ლ ა ზ ე ე მ ო ც ი უ რ ი მ ა ტ ჩ ი
გიორგი მოსიძე: ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე საქართველო -ლატვიის მატჩი,როცა პულენის ზუსტი სამქულიანი ბოლო წამებზე მთელი სპორტის სასახლე ფეხზე წამოვდექით.
არჩილ მაჭავარიანი: ემოციებს მხრივ გავიხსნებდი გასულ ევროპის ჩემპიონატს, კონკრეტულად კი რუსეთთან თამაშს. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური შეხვედრა ჩემთვის, რომელიც სპორტზე მეტიც იყო იმ მომენტში და ემოცია ჭარბობდა.
ჯემალ ბეჯანიძე: შარლოტი-საკრამენტოს შეხვედრა, როდესაც ოკაფორმა მძიმე ტრავმა მიიღო, არასდროს დამავიწყდება. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩემეს საკალათბურთო ცხოვრებაში.
სანდრო რაჩკოვსკი: ჩემი მოგონება ,,ბოსტონს” უკავშირდება, რომელიც ფინალურ მატჩში 26 ქულას აგებდა ,,ლეიკერსთან”, თუმცა საბოლოოდ შეძლო თამაშის შემობრუნება და ლოს ანჯელესში გაიმარჯვა. ის თამაში წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.
ისევ კ ა ლ ა თ ბ უ რ თ ი
გიორგი მოსიძე: კალათბურთში მე ყოველთვის მომწონდა მსროლელის პოზიცია. ახლაც, როცა მეგობრებთან ერთად სამედიცინოს სპორტულ დარბაზში ვთამაშობთ, მსროლელი ვარ.
ჯემალ ბეჯანიძე: სიმაღლე და მასა არ მიწყობს ხელს მაგრამ ჩემი საყვარელი პოზიცია ცენტრია, ამ პოზიციაზე სიამოვნებით ვითმაშებდი ,, შარლოტ ბობქეთსში”, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ამ მხრივ უჭირთ J
სანდრო რაჩკოვსკი: მე ვიქნებოდი მძიმე ფორვარდი და სავარაუდოდ ისეთ გუნდში ვითამაშებდი, სადაც დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. კალათბურთი ერთადერთი სპორტია, სადაც დაცვაში თამაში უფრო მსიამოვნებს, ვიდრე შეტევაში. ყურადღება, მონდომება… დაცვაში თამაშს უამრავი რამ სჭირდება. ცალსახად ავირჩევდი ბოსტონის გუნდს, რადგან ამ მხრივ ერთ-ერთი პიონერები არიან. ასევე სან-ანტონიოს, რომელიც დიდ არ მიყვარს, მაგრამ დაცვაში თამაშიდან გამომდინარე პატივს ვცემ. ისინი სწორედ ამ სტრატეგიით მუშაობენ.
არჩილ მაჭავარიანი: სიმაღლიდან გამომდინარე ბავშვობიდან ცენტრის პოზიციაზე ვთამაშობდი ყოველთვის. ისე კი სროლა უფრო მიყვარს და მსროლელი ვიქნებოდი.
მ ო წ ო დ ე ბ ა:
გიორგი მოსიძე: ვიაროთ სუპერლიგის თამაშებზე, გავავსოთ სპორტის სასახლე და შეძლებისდაგვარად წავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში ნაკრების მხარდასაჭერად.
ჯემალ ბეჟანიძე: ბევრი სკეპტიკურად უყურებს სუპერლიგას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ეროვნულ ჩემპიონატში მაღალი დონეა, საჭიროა ბევრი ხალხი დადიოდეს სუპერლიგაზე, რათა ნახონ რა მაგარი მატჩები ტარდება.
არჩილ მაჭავარიანი: როგორ მაღალი დონეც არ უნდა იყოს კალათბურთში, მაყურებლის დიდი მხარდაჭერააა საჭირო. კარგი იქნება ეროვნულ ნაკრებს თუ გაყვებიან საგულშემატკივროდ.
სანდრო რაჩკოვსკი: კალათბურთში ძალიან წარმატებული ნაკრები გვყავს და ხალხისგან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ. მართალია, ეს ეროვნულ ნაკრებს არ აკლია, მაგრამ შიდა ჩემპიონატზე აუცილებელია. გულშემატკივარი უნდა დაესწროს სუპერლიგის მატჩებს და უკეთ გაეცნოს ჩემპიონატს.