მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი პლეი ოფს მიღმა დარჩა – მარგვეთი მეოთხედფინალშია

მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი პლეი ოფს მიღმა დარჩა – მარგვეთი მეოთხედფინალშია

სუპერლიგის ფლეი ოფის რვავე მონაწილე ცნობილია. მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი”, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში გამარჯვება სჭირდებოდა, დამარცხდა და სუპერლიგის მიმდინარე სეზონი დაასრულა. ქუთაისელები რეგულარულ ჩემპიონატს მე-9 ადგილზე დაასრულებენ და შესაბამისად, ვერც პლეი ოფში გავლენ და არც სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი საკვალიფიკაციო ეტაპი ელით. ქუთაისელთა ვერმოგებით ისარგებლა მარგვეთმა, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის მატჩები 1 კვირის წინ დაასრულა და ქუთაისელთა შედეგებს ელოდებოდა. მარგვეთი, რომელმაც სეზონი მეგას სახელით დაიწყო და მომავალი სეზონიდან ზესტაფონს მარგვეთის სახელით წარმოადგენს, პლეი ოფში ითამაშებს.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს შინაურ არენაზე მეტოქედ გურჯაანის “დელტა” ჰყავდათ, რომელსაც პლეი ოფი განაღდებული ჰქონდა, თუმცა ცხრილში უკეთესი პოზიციის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლა. იბრძოლა და გაიმარჯვა, რაც ქუთაისელთათვის საბედისწერო გამოდგა, თავად დელტა კი 10-10 მოგებ-წაგებით მე-5 ადგილზე განთავსდა, თუმცა საბოლოოდ ამ ადგილზე დაასრულებს რეგულარულს, თუ უფრო დაბლა ჩავა, ეს მეტოქეების – კაკტუსისა და ბათუმის შედეგებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მატჩს, ქუთაისელებმა მე-3 პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 19:27 დათმეს და ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრეს. საბოლოოდ დელტამ 93:83 (სტატისტიკა) მოიგო, რაშიც მნიშვნელოვანი წილი ფუძით ქუთაისელმა, ოთარ ფხაკაძემ დაიდო – 26 ქულა, 6 პასი. 23 ქულა და 8 მოხსნა დერიკ ნიუტონმა დააგროვა. 14 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა ეივი ტუმერის ანგარიშზეა. ქუთაისელთაგან 25 ქულით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. ლუკა მაზიაშვილმა 19 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა.

რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 4 მატჩი 6 და 7 აპრილს – ბათუმსა და თბილისში გაიმართბა.