მოქმედი ჩემპიონი “რუსთავის” პირველი გამარჯვება სუპერლიგაში

მოქმედი ჩემპიონი “რუსთავის” პირველი გამარჯვება სუპერლიგაში

მოქმედი ჩემპიონის პირველი გამარჯვება სუპერლიგაში. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა “რუსთავმა”, რომელმაც გასულ სეზონში პლეი ოფში მატჩის წაუგებლად მოიგო ჩემპიონობა, მიმდინარე გათამაშება 3 წაგებით დაიწყო. ქვემოქართლური გუნდი წინა ტურში შინ თსუ-თან ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა პირველი 2 ქულის ლოდინი მომდევნო ტურამდე გადაედო. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მე-5 ტური დაიწყო და რუსთაველებმა მეტოქე “მეგა” დამაჯერებლად – 93:78 (სტატისტიკა) დაამარცხეს.

არადა, ეს შეხვედრაც ისე დაიწყო, რუსთაველებს კარგს არაფერს უქადდა. პირველ პერიოდის შუაწელში ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლელები 10 ქულით ჩამორჩნენ და მხოლოდ წუთშესვენებითა და თამაშის გადაწყობით მოახერხეს ვითარების გამოსწორება. პირველი ათწუთეული “მეგამ” 23:18 მოიგო და მეორედან უკვე რუსთაველთა ჯერი დადგა. დაცვისა და ზუსტი შორი სროლების ხარჯზე სტუმრებმა ჩამორჩენა გააბათილეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი იყო – 43:43.

გასახდელში ჩატარებული თათბირი რუსთაველებმა უფრო ხეირიანად გამოიყენეს. მოედანზე დაბრუნებულ გუნდებს შორის სხვაობა იყო როგორც სიზუსტესა და დაცვის ხარისხში, ისე თამაშის დაგეგმვა-ტაქტიკაში. ფარქვეშ გიორგი თვალაბეიშვილი გამაგრდა, რომელსაც ზურგს ისმაილ ჰოლისი უმაგრებდა, ხოლო უკანა ხაზიდან კრისტიან კილინგი ბურთსაც ათამაშებდა და მიზანშიც არტყამდა. მესამე ათწუთეული ქვემოქართლელებმა 29:21 მოიგეს, ხოლო მეოთხეში უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და შეხვედრის ბედი მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყვიტეს.

საბოლოოდ, სტუმრები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და უიღბლო, წაგებათა ნავსი გატეხეს. გამარჯვებულებს 25 ქულით კილინგმა ულიდერა. 21 ქულა თვალაბეიშვილმა, ხოლო 20 – ჰოლისმა მოინაგრა. “მეგაში” 19 ქულით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა, 17 ქულა და 9 მოხსნა დემონტე ფლანიგანის ანგარიშზეა.