ნახევარფინალში “არმიაც” გავიდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ნახევარფინალში “არმიაც” გავიდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

“დინამოს” კვალზე ნახევარფინალში “არმია”
გავიდა. განსხვავება ის იყო, რომ კოტე ტუღუშის გუნდს რუსთავში დიდი შრომა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
მატჩის უმეტეს ნაწილში მასპინძლები ლიდერობდნენ, რუსთაველები გამარჯვებასთან ახლოსაც
იყვნენ, თუმცა არმიელებმა გადამწყვეტ მომენტში კარგად ითამაშეს და 63:61 გაიმარჯვეს.

რუსთაველებმა სტუმრებს არაფერი დაუთმეს და პირველივე
წუთებიდან დაანახვეს, რომ იოლად არაფერს დათმობდნენ. თბილისში 29 და 30 აპრილს გამართულ
მატჩებში არმიელებმა იოლად იმარჯვეს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ტუღუშის გუნდს ძალიან
გაუჭირდა და რომ არა ბოლო წუთებზე გამოჩენილი შეუპოვრობა, გამარჯვება რუსთაველებს დარჩებოდათ.

პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 19:9 მოიგეს. მეორე ათწუთეულში
სტუმრებმა უკეთესად ითამაშეს და დიდი შესვენებისთვის მასპინძელთა ლიდერობა 6 ქულამდე
შემცირდა. მესამე მეოთხედი არმიელებმა 11 ქულით მოიგეს და დაწინაურებაც მოახერხეს,
თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძლებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ეს შანსი რუსთავეელებს
რევაზ ჩაჩანიძემ უბოძა, რომელიც გამორჩეული სიზუსტით გამოირჩეოდა.

ბოლო წამებზე, როცა არმიელები 2 ქულით იგებდნენ, რუსთაველებს
ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ შეტევა გააცუდეს და ფარიდან ასხლეტილი ბურთის
მოპოვება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ “არმიამ” 63:61 მოიგო და მეოთხედფინალურ
სერიაში 3:0 იმარჯვა.

“არმიას” 20 ქულითა და 9 მოხსნით ზვიად ბაბიაშვილმა
ულიდერა. გიორგი შარაბიძის ანგარიშზე 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. რუსთაველთაგან
ჩაჩანიძემ 27 ქულა დააგროვა, გიორგი ყველაშვილმა კი 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი
კომენტარები:

კოტე ტუღუში,”არმიას”
მთავარი მწვრთნელი:

“როგორც ვამბობდი, რუსთავში რთული მატჩი გველოდა
და ასეც მოხდა. მასპინძლებმა ბოლომდე გვერბრძოლეს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ,
მაგრამ ბოლო წუთზე ჩვენ გაგვიმართლა. არ მინდა ახლა იმ ხარვეზებზე ვისაუბრო, რომელიც
დღეს გვქონდა. იმედი მაქვს, ყველა დაფიქრდება და მიხვდება, რომ ნებისმიერ მეტოქესთან
მაქსიმალური მობილიზებით უნდა ითამაშონ”.

ოთარ ხმელიძე
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

“მიუხედავად წაგებისა, ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო
არ ვარ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად და მიზნამდეც ძალიან
ახლოს იყვნენ. რთულია, 2 მეფარე შეუცვლელად ათამაშო. ჩვენ სწორედ ასე მოგვიწია და ბიჭების
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარქვეშ ჩინებულად იბრძოლეს. ბოლოს ყველაფერი შემთხვევითობამ
გადაწყვიტა და გამარჯვება “არმიას” დარჩა. ილუზია არ გვქონდა, რომ ნახევარფინალში
გავიდოდით. ახლა კი 5-8 ადგილებისთვის ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, წარმატების შანსიც
გვექნება”.