ნახევარფინალური სერიები ხვალ რუსთავსა და თბილისში დაიწყება

ნახევარფინალური სერიები ხვალ რუსთავსა და თბილისში დაიწყება

ხვალ, 29 აპრილს, საუკეთესო ოთხეული გადამწყვეტ მატჩებში ჩაებმება. თბილისსა და რუთავში დაიწყება ნახევარფინალური სერიები, რომლებშიც გამარჯვებას ის გუნდები მოიპოვებენ, რომლებიც პირველად ავლენ 3 მოგებამდე.

ორივე წყვილში საინტერესო ბრძოლებია მოსალოდნელი, თუმც მეტ ინტერესს ალბათ “ენერჯი-ინვესტისა” და “ავიამშენის” დაპირისპირება იწვევს. ეს გუნდები ბოლო სამი ფინალის მონაწილენი არიან და შესაბამისად ოქრო ვერცხლსაც ისინი ინაწილებდნენ. ბოლო ორ ფინალში რუსთაველებმა იმარჯვეს, ხოლო 2006 წელს პირველობა “ავიატორებს” დარჩათ. თუ სატურნირო ვითარებას გავითვალისწინებთ, უპირატესობა “ენერჯი-ინვესტისაა”. რუსთაველებმა რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულეს – 16-დან ყველა შეხვედრა მოიგეს და პირველობა არავის დაუთმეს. ლევან მოსეშვილის “ავიამშენმა” კი მეოთხე ადგილი დაიკავა და ფინალამდე პირველად გადაეყარა “ენერჯი-ინვესტს”.მეორე წყვილშიც დაძაბული ბრძოლა უნდა შედგეს, რაკი ერთმანეთს დაახლოებით ერთი ძალის გუნდები ხვდებიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ეს სეზონის შუაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგა, თუმცა ამას სტუდენტების თამაშის ხარისხზე და შედეგიანობაზე არ უმოქმედია. პირიქით, თსუ-მ უფრო მნიშვნლოვანი გამარჯვებები სწორედ მეორე წრეში მოიპოვა და რეგულარულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.ერთი საფეხურით წინ, მეორეზე გავიდა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც დებიუტანტია და პირველივე სეზონში ნახევარფინალში გავიდა. თუმცა აგრარელებს ფინალში გასვლის პრეტენზიაც აქვთ, რადგან ამ წყვლილში ფავორიტის დასახელება ძნელია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.მაშ ასე, 29 აპრილს, 15 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში “აგრარული უნივერსიტეტი” თსუ-ს შეხვდება, ხოლო იმავე დღეს, 18 საათზე რუსთავში “ენერჯი-ინვესტი” “ავიამშენს” უმასპინძლებს.