სუპერლიგის რიგით
მე-11 ოლ სტარმა ჩვეულად საინტერესოდ ჩაიარა. ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ
„ყველა ვარსკვლავის“ მატჩ-აქციას ტრადიციულად ბლომად გულშემატკივარი დაესწრო.
მაყურებელმა
საკმაოდ სანახაობრივი მატჩი და კონკურსები იხილა. ლეგიონერთა გუნდმა 122:108 დაამარცხა
ადგილობრივები, „შსს-აკადემიის“ ფორვარდი ბენჯამინ რეიმონდი კი მატჩის უძვირფასესი
კალათბურთელი გახდა.
როგორც წესი,
სანახაობრივი დატვირთვის მატჩებში დაცვა არ არსებობს და არც დღევანდელ ოლ სტარში მონაწილე
გუნდებს დაუტვირთავთ თავი მეტოქეთა შეტევების ჩაშლით. ორივე გუნდი დაცვაში ლაღად თამაშობდა,
რაკი მეტოქე ამის საშუალებას იძლეოდა. შესაბამისად, მაყურებელმა არაერთი ლაზათიანი
ეფექტური გდება თუ გამორჩეული მომენტი იხილა.
ლეგიონერთა უპირატესობა
პირველივე წუთებიდან თვალში საცემი იყო. უცხოელი მოთამაშეები შეტევების დაგვირგვინებისას
უფრო ზუსტნი იყვნენ და ანგარიშიც ლეგიონერთა სასარგებლოდ იზრდებოდა. პირველი მეოთხედი
უცხოელებმა 34:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის გიორგის კეცელიდისის გუნდი 27 ქულით
ლიდერობდა.
საბოლოოდ ლეგიონერებმა
მატჩი იოლად მოიგეს, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის ლამაზი მომენტები იყო, რომელიც გამარჯვებული
გუნდის წევრებმა მაყურებლებს წარმოუდგინეს. 26 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო
მოთამაშე ბენჯამინ რეიმონდი გახდა, 16 ქულა და 9 პასი მიითვალა ნეით ბოუიმ, ხოლო მატჩის
ერთადერთი ორმაგი დუბლი პირად ანგარიშზე კაილ ნელსონმა ჩაიწერა – 14 ქულა, 11 მოხსნა.
ადგილობრივთა
გუნდის ბომბარდირი გიორგი ბარბაქაძე გახდა 24 ქულით, 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა რიჩარდ
მათიაშვილს, ხოლო დინამოელმა ბექა ჩიკვილაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
სამქულიანების კონკურსი
სნაიპერთა კონკურსში
5 კალათბურთელი მონაწილეობდა. „არმიის“ 2 კალათბურთელი – ბესო ლეჟავა და ირაკლი საყვარელიძე
ტრავმების გამო ქუთაისში ვერჩამოვიდნენ. პირველ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ოლიმპელმა
კოკა ტომარაძემ დააფიქსირა. პერიმეტრის 5 წერტილიდან მონაწილეები 5-5 ბურთს ესროდნენ,
ყოველი წერტილის ბოლო, მე-5 ბურთი 2 ქულად ფასობდა, დანარჩენები კი – 1 ქულად.
ტომარაძესთან
ერთად ფინალში 17-17 ქულის მომგროვებელი გიორგი ბარბაქაძე და ბუბა კვიმსაძე გავიდნენ.
შსს-აკადემიელმა ჩად პრევიტმა 16 დააგროვა, ხოლო ბათუმელმა ლაშა კეშელავამ – 15.
ფინალისა და შესაბამისად
კონკურსის გამარჯვებული დავით ბარბაქაძე გახდა, რომელმაც გადამწყვეტ დაპირისპირებაში
19 ქულა მოაგროვა. ტომარაძე 17 ქულით მეორე იყო, ხოლო კვიმსაძე 14-ს დასჯერდა.
გიორგი ბარბაქაძე
ქართული ოლ სტარების ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ორივე კონკურსი
მოიგო. ქუთაისელ ფორვარდს ჩატენვების კონკურსიც აქვს მოგებული, დღეს კი ის სამქულიანების
გამარჯვებულიც გახდა.
ჩატენვების კონკურსი
ბურთის ეფექტურ
გდებებში გამარჯვებული დებიუტანტი გახდა. ამ სეზონში საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის
საუკეთესო მოთამაშე კახა ჯინჯარაძემ ფინალურ შერკინებაში „შსს-აკადემიის“ უკანახაზელი
მერაბ ბოქოლიშვილი დაამარცხა.
გამარჯვებული
დამატებით დაპირისპირებაში გამოვლინდა. ჯინჭარაძემ ბურთი ფარისკენ ტრაექტორიის გაგზავნა,
რომელიც იატაკზე დაეცა და როცა ზენიტს მიაღწია, ჯინჭარაძემ დაიჭირა და კალათში მოხდენილად
ჩატენა. ბოქოლიშვილმაც ლამაზი ილეთი შეასრულა – საკუთარ თანაგუნდელ დენოტა ვონს გადაახტა
და ბურთიც კალათში ისე მოათავსა, თუმცა ჟიურიმ გამარჯვება კახა ჯინჭარაძეს მიანიჭა.
დაჯილდოვება
სამივე ნომინაციის
გამარჯვებულის დაჯილდოვება მატჩის ბოლოს გაიმართა. ოლ სტარის უძვირფასეს მოთამაშე ბენჯამინ
რეიმონდს შესაბამისი პრიზი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა
გადასცა, ხოლო სნაიპერი გიორგი ბარბაქაძე ვეტერანთა დახმარების ფონდის პრეზიდენტმა
ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა. ჩატენვების კონკურის ტრიუმფატორი კახა ჯინჭარაძეს კი პრიზი
ვეტერანმა ქუთაისელმა კალათბურთელმა გელა დარსაძემ გადასცა. სამივე გამარჯვებული
„ყველა ვარსკვლავის“ პარტნიორ „ევროპა-ბეთისგან“ სამსუნგის პლანშეტური კომპიუტერით
დაჯილდოვდა, რომელიც მოთამაშეებს სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.