ოლ სტარის შემადგენლობები ცნობილია

ოლ სტარის შემადგენლობები ცნობილია

25 იანვარს, რუსთავში
გასამართი “ყველა ვარსკვლავის” მატჩი-აქციის მონაწილეები ცნობილნი არიან.
საკალათბურთო სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც 15 იანვარს დაიწყო,
გუშინ გვიან ღამით დასრულდა. გამოკითხვამ ოლ სტარის გუნდების სასტარტო ხუთეულები
გამოავლინა.

საჩვენებელ მატჩთან
ერთად აქციის ფარგლებში ორი კონკურსი ჩატარდება – 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.
სნაიპერთა კონკურსის მონაწილენი მიმდინარე სუპერლიგის სტატისტიკის მიხედვით შეირჩა.
3-ქულიანი სროლების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე 6 კალათბურთელს გასული
წლის ჩემპიონი გიორგი ბარბაქაძე დაემატა. რაც შეეხება ჩატენვებს, აღნიშნულ კონკურსში
მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მთლიანობაში 5 მსურველი დარეგისტრირდა.

ყველა ვარსკვლავთა
მატჩს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით წეროვანში კომპაქტურად
ჩასახლებული ბავშვებიც დაესწრებიან.

მატჩ-აქციაში
გუნდებს სუპერლიგის ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი “დინამოსა” და
“არმიის” მწვრთნელები – ირაკლი ხოშტარია და კოტე ტუღუში უხელმძღვანელებენ.
გამოკითხვამ, რომელშიც კალათბურთელებმა მთლიანობაში 28 700 ხმა მიიღეს, სასტარტო ხუთეულები
შეარჩია.

“ირაკლი
ხოშტარიას გუნდი”: გიორგი გამყრელიძე (დინამო), ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი), ბესიკ
ლეჟავა (დინამო), ჯეიმი ჯექსონი (ბათუმი), სტევან მილოშევიჩი (დინამო).

“კოტე ტუღუშის
გუნდი”: ლევან ცეკვავა (ქუთაისი), ზაურ ფაშაევი (ქუთაისი), გიორგი ბარბაქაძე
(ქუთაისი), ანატოლი ბოისა (არმია), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი).

გუნდების დანარჩენი
წევრები მწვრთნელებმა თავიანთი შეხედულებისამებრ შეარჩიეს, რომლებიც თბილისის სპორტის
სასახლეში გასამართ პრესკონფერენციაზე დასახელდნენ.

ირაკლი ხოშტარია: ხუთეულები უკვე ცნობილია და დანარჩენი
მოთამაშეების არჩევისას მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელე: ისინი ავირჩიე, ვისაც მაყურებლის
მხარდაჭერაც ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ოლ სტარი სწორედ გულშემატკივრის სიამოვნებისთვის
კეთდება: ირაკლი მიქელაძე(ოლიმპი), მიხეილ ჭოჭუა(დინამო), ირაკლი ჩლაიძე(სოხუმი), ჯერემი
სეფოლდი(ბათუმი), ჯერემი საიმონსი(სოხუმი), ქიენ კარტერი(დინამო) და ვახტანგ ქადარია(სოხუმი).
მივულოცავ გიორგი გამყრელიძეს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ის ამას ნამდვილად
იმსახურებდა.  რაც შეეხება ასისტენტს, ჩემი
თანაშემწე ვაჟა კვარაცხელია იქნება.

ვფიქრობ, სანახაობრივი
თამაში იქნება, არ გვქონია არც ერთი ვარჯიში, რაიმე ტაქტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია,
ყველა გამოვა და აჩვენებს იმას, რაც შეუძლია. პირადად ჩემთვის, მთავარია, ყველამ მაქსიმალურად
ისიამოვნოს.

ჩემთვის მისაღებია
ოლ სტარის ჩატარების თარიღიც, წინა წლებში ყველა ვარსკვლავის მატჩი პლეიოფების წინა
პერიოდს ემთხვეოდა, არად როცა მეორე წრე მთავრდება, ყველა გუნდი და თითოეული მოთამაშე
ნახევარფინალებისკენ და ფინალებისკენაა ორიენტირებული და მაქსიმალურ მომზადებას გადის.
ახლა კი, თასის მეოთხედფინალებს მოვრჩით, მეორე წრის დაწყებამდე კიდევ არის დრო დარჩენილი
და 25 იანვარი კარგი თარიღია ამ მატჩი-აქციისთვის.

 

კოტე ტუღუში:  წელს ოლ სტარი რუსთავში ტარდება, რაც მისასალმებელია.
გუნდში 3 რუსთაველი კალათბურთელი მეყოლება, აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებზე,
რადგან ენერგიული და სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს. გაგაცნობთ ჩემ მიერ არჩეულ
7 კალათბურთელს: რეზო როგავა(შსს აკადემია), მალხაზ აბაიშვილი(რუსთავი), მერაბ ბოქოლიშვილი(შსს
აკადემია), ბექა ჩიკვილაძე(შსს აკადემია), ლევან ხმელიძე(რუსთავი), გიორგი ჯგერენაია(არმია)
და დავით გუგავა(რუსთავი). ასისტენტი ოთარ ხმელიძე იქნება, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

ოლ სტარის თამაშზე
მთელი სამი პერიოდი მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობენ ეფექტური და სანახაობრივი შეხვედრა
აჩვენონ ხოლმე , ბოლო პერიოდი კი გამორჩეულია დაძაბულობით, რადგან გუნდები გადადიან
თამაშის მოსაგებად ბრძოლაზე. რუსთავი დიდი საკალათბურთო ტრადიციების ქალაქია, იქ კალათბურთი
გამორჩეულად უყვართ და რუსთაველ მაყურებელს განსაკუთრებული გემოვნებაც აქვს, ამიტომ
ვფიქრობ, მე და ირაკლი მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რომ გულშემატკივარმა სიამოვნება
მიიღოს. თამაში სანახაობრივი უნდა იყოს, თუმცა შეხვედრას დაძაბულობაც მოუხდება.

დავეთანხმები
ირაკლის, რომ დრო ოპტიმალურადაა შერჩეული. პლეი ოფების წინ მოთამაშეები საკუთარ გუნდებში
არიან დატვირთულები და არ არის სასურველი ისინი თავიან მწვრთნელებს და გუნდებს ჩამოშორდნენ.
პლეი ოფები ყოველთვის დაძაბული და მნიშვნელოვანია და ასეთი შეხვედრების წინ 2-3 მოთამაშის
მცირე დროით გამოკლებაც კი მწვრთნელისთვის დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო დროა.

რაც შეეხება იმას,
რომ ოლ სტარი რეგიონში ტარდება, ეს კალათბურთის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, რუსთავში კალათბურთს არ აკლია პოპულარობა, თუმცა
სასურველი იქნება ამ ქალაქს უკეთესი გუნდი და უკეთესი პირობები ჰქონდეს და ჩემი აზრით,
მსგავსი ღონისძიბების რეგიონებში გამართვა დაგვეხმარება იმ ხალხის ყურადღების მიპყობაში,
ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია.

დარწმუნებული
ვარ, ხვალ დარბაზი გაივსება და გულშემატკივარი ისიამოვნებს სანახაობრივი თამაშით.