ოლიმპი ერთპიროვნული ლიდერია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„ოლიმპი“ სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. „შსს-აკადემიას“
„დინამოსთან“ დამარცხების შემდეგ ოლიმპელებმა სტუ-სთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს
და ცხრილის პირველ ადგილზე გამაგრდნენ.

 გია კაზანჯიანის გუნდი ერთადერთია, რომელსაც
ჩემპიონატში მხოლოდ 1 მარცხი გააჩნია. აუტსაიდერ სტუ-სთან მატჩს ოლიმპელები ტრავმებით შეხვდნენ,
თუმცა ეს საბოლოო შედეგზე არ ასახულა. სტუ-მ, რომელსაც მიმდინარე სეზონში გამარჯვება
ჯერ არ მოუპოვებია, პირველ მეოთხედში ტოლი არ დაუდო ფავორიტს. ზურა ტომარაძის გუნდმა
საწყისი ათწუთეული 23:22 მოიგო და მეორეშიც კარგა ხანს უძალიანდებოდა გაცილებით მძლავრ
მეტოქეს, თუმცა დიდ შესვენებამდე წელგამართული მაინც ვერ მივიდა. მეორე პერიოდი კაზანჯიანის
გუნდმა 26:13 მოიგო და ამის შემდეგ ტექნიკოსები ახლოს აღარ მიუშვია. გამარჯვებულთაგან
გამოირჩა სტივენ მილოშევიჩი, რომელმაც 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ლევან ფაცაციამ
პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა.

საბოლოოდ „ოლიმპმა“ იოლად, 96:75 გაიმარჯვა და როგორც
უკვე აღვნიშნეთ, სუპერლიგას სათავეში ჩაუდგა. კაზანჯიანის გუნდს 8 მოგება და 1 მარცხი
აქვს, მომდევნო ტურში კი ოლიმპელებს დიდი ბრძოლა ელით – პირველი წრის ბოლო ტურში,
22 დეკემბერს, ერთმანეთს „არმია’ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდებიან.

დღევანდელი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს თსსუ და „სოხუმი“
შეხვდებიან.

გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): გუნდში გვყავს ტრავმირებული და გაციებული კალათბურთელები,
ფაქტობრივად უვარჯიშებელად ვითამაშეთ, თუმცა მიუხედავად ამისა ნორმალურად ვიასპარეზეთ
და ხვალიდან უკვე მოვემზადებით არმიასთან მატჩისთვის.

ზურაბ ტომარაძე
(სტუ): ტრავმირებული 
მოთამაშეები ჩვენს გუნდშიც არიან, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ ,,ოლიმპი“
კლასით და შემადგენლობით ჩვენზე ძლიერია. ამ წაგებულ თამაშშიც ბევრი რამე დავინახე,
რასაც გავითვალისწინებ აუცილებლად.

ნოდარ გოგოძე
(ოლიმპი):   თავიდან წინააღმდეგობა გაგვიწია მეტოქე გუნდმა, თუმცა
მეორე ნახევარში გამოვასწორეთ და დავამარცხეთ სტუ.