რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ოლიმპმა“ მეორე
მატჩიც მოუგო თავდაცვის სამინისტროს გუნდ „არმიას“ და ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.
გია კაზანჯიანის გუნდს ფინალამდე 1 გამარჯვებაღა აკლია.
დღეს არმიელებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს ოლიმპელებს.
წინა მატჩში კოტე ტუღუშის გუნდი უშანსოდ – 36 ქულის სხვაობით დამარცხდა და მიუხედავად
იმისა, რომ დღევანდელ მატჩში არც ერთი ტრავმირებული არ დაბრუნებია, მოგების შანსს ბოლოდე
ინარჩუნებდა. თავდაცვის სამინისტროს გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარნენ წინა ხაზის მოთამაშეები
– ზვიად ბაბიაშვილი და გიორგი შარაბიძე, რომელთა გარეშეც არმიელებს ძალიან უჭირთ.
„ოლიმპმა“ კვლავ მძლავრად დაიწყო და თავიდანვე სოლიდურად
დაწინაურდა, თუმცა არმიელებმა მეტოქეს დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალება აღარ მისცეს.
პირველი მეოთხედის 8:18 წაგების შემდეგ „არმიამ“ დაცვა გაამაგრა და დიდი შესვენებისთვის
ჩამორჩენა 6 ქულამდე (28:34) შეამცირა, ხოლო მესამე მეოთხედის ახალდაწყებულზე, ანატოლი
ბოისას სამქულიანის შემდეგ დაწინაურდა კიდეც – 35:34.
3-4 წუთის განმავლობაში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა,
თანაბარი ანგარიშიც დაფიქსირდა, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოს ოლიმპელებმა მაინც თავისი
გაიტანეს – ლევან ფაცაციას, მიხეილ ბერიშვილი, სტევან მილოშევიჩის ქულებით კვლავ ხელჩასაჭიდი
უპირატესობა მოიპოვეს – 54:45.
ბოლო პერიოდში არმიელები ბევრს ეცადნენ, თამაშის შემოტრიალებაში
მთელი რესურსი ჩადეს, მაგრამ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ვერას გახდნენ. „ოლიმპმა“
საქმე გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მიიყვანეს, 75:68 გაიმარჯვეეს და
ფინალს მიუახლოვდნენ.
ოლიმპელებს 25 ქულით და 9 მოხსნით ფაცაციამ ულიდერა,17
ქულა ჰქონდა სტენ სოკს, ხოლო სტევან მილოშევიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით – 12 ქულითა
და 16 მოხსნით დაასრულა. არმიელთაგან 16 ქულით ლაშა ფარღალავა გამოირჩა, ხოლო გიორგი
ჯგერენაიამ პირაად ანგარიშზე 10 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა.
ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი „ოლიმპსა“ და „არმიას“ შორის 11 მაისს, სპორტის სასახლეში,
18 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): ვულოცავ ჩემს გუნდს წარმატებას. ვიცოდით, რომ არმიასთან
სერიოზული ბრძოლა გველოდა და გუნდთან ამაზე საუბარი მქონდა. მაქსიმალური კონცენტარცია
ვთხოვე ბიჭებს. გადამწყვეტ მომენტში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა არმიას
ასეთი თამაშისთვის.
კოტე ტუღუში(არმია): მივულოცავ
,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. მადლობა ჩემს ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს.
ოლიმპი ჩვენზე ძლიერი გუნდია და დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა იმედი მაინც გვაქვს,
რომ შემდეგი თამაშის მოგება შეგვიძლია.
ლევან ფაცაცია(ოლიმპი): კმაყოფილები
ვართ, რომ ორივე თამაშიდან გამარჯვებულები გამოვედით. ველოდით, რომ დღეს არმია უფრო
დიდ წინააღდმეგობას გაგვიწევდა და ასეც მოხდა. შემდეგ თამაშშიც ველოდებით სიახლეებს
არმიის მხრიდან.
გიორგი ჯგერენაია(არმია): წინა თამაშთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ, თუმცა
მაინც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. განვიხილავთ თამაშს, ვიდეონალიზს გავაკეთებთ და იმედია
მოვახერხებთ შეცდომების გამოსწორებას.
შსს აკადემია – ქუთაისი 71:73