სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-14 ტურში 2 მატჩი ტარდება, რომელთაგან
პირველი უკვე დასრულდა. „ოლიმპმა“ და „ბათუმმა“ მაყურებელს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე
დაძაბული შეხვედრა შესთავაზეს. საინტერესო, დინამიური და ემოციებით სავსე ამ გუნდების
მატჩი „ოლიმპის“ გამარჯვებით – 83:82 დასრულდა.
ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი
შეხვედრა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს. ლიდერი 8-ჯერ შეიცვალა, ხოლო 13-ჯერ თანაბარი
ანგარიში დაფიქსირდა. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 21:17 მოიგეს, თუმცა მეორეში „ოლიმპმა“
იძალა და 10-წუთეულის 19:15 მოგებით დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა
– 36:36.
მესამე პერიოდში აჭარულმა გუნდმა შედეგიანობა გააუმჯობესა
და ილია შემოსიუკისა და კახა ჯინჭარაძის შედეგიანობის შემდეგ, შეხვედრის 28-ე წუთზე
10-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა – 64:54. ამას ოლიმპელებმა ზუსტი შორი ტყორცნებითა
და ფარქვეშ შედეგიანი თამაშით უპასუხეს და შეხვედრის ბოლო პერიოდში ანგარიში ისევ გათანაბრდა.
მატჩის ბოლო წუთზე „ოლიმპი“ 3 ქულით დაწინაურდა, რასაც
ბათუმელმა კრისტოფერ პელჩერმა სწრაფი ორქულიანით უპასუხა და საფინალო სირენამდე 35
წამით ადრე სტუმრებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს. „ბათუმმა“ შემდეგ დაცვაშიც მოიგერია
ოლიმპელთა შეტევა და იმავ ფელჩერი საჯარიმოს ხაზე დადგა. ამერიკელმა ცენტრმა ორივე
საჯარიმო ააცილა, ხოლო საპასუხო შეტევაში რევაზ როგავასა საჯარიმოების სროლის საშუალება
მიეცა, რომელმაც ორივე ცდა გამოიყენა და თბილისელები 83:80 დაწინაურდნენ.
ბათუმელებს სამქულიანის ჩაგდება სჭირდებოდათ და ეს შანსი
მიეცათ კიდეც, მაგრამ ბესო ლეჟავამ ააცილა და ფარქვეშ ბურთის მომპოვებელ კახა ჯინჭარაძეს
ორქულიანის ჩაგდებაზე მეტის დრო აღარ დარჩა. გამარჯვებულებს 20 ქულით, 8 პასით და
7 მოხსნით რეზო როგავამ ულიდერა. 18 ქულა და 6 პასი მიითვალა გეგი ბაქრაძემ, ხოლო კახა
ტომარაძის ანგარიშზე 15 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. „ბათუმში“ 29 ქულით საუკეთესო იყო
ილია შემოსიუკი. 24 ქულა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, ხოლო კრის ფელჩერმა 14-14ქულა-მოხსნა
მოაგროვა.
მიმდინარე წლის ბოლო მატჩში დღეს, 14:00 საათზე „დინამო“
და „ქუთაისი“ შეხვდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
– გუნდში რამდენიმე სიცხიანი გვყავს, რომლებიც ვარჯიშს
ვერ ახერხებდნენ. ამასთან, მატჩის მსვლელობისას ჯარიმებით დავიტვირთეთ და ამან ხელი
შეგვიშალა დაძაბული მატჩი გამარჯვებამდე მიგვეყვანა.
დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი):
– ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა, როგორც ველოდით. ბათუმი ძალიან ძლიერი გუნდია და რაღაც პერიოდი ჩავარდნა გვქონდა მატჩის მსვლელობისას, რის შემდეგაც ბათუმმა გაგვასწრო, მაგრამ შევძელით ჩამორჩენის აღმოფხვრა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოთამაშეებს, მივულოცავ ამ გამარჯვებას მთლიანად გუნდს და მთელ ორგანიზაციას.