ბოლო ტურში დიდი ბრძოლა გაიმართა “ოლიმპსა” და “ბათუმს” შორის. თბილისურ გუნდს პლეი ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა, თუმცა მოგება სჭირდებოდა, რათა ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაეკავებინა და ამით პირველივე წრეში ლიდერებთან შეხვედრა თავიდან აეცილებინა.
აჭარული გუნდის ვითარება უფრო რთულად იყო, რადგან წაგების შემთხვევაში, ბათუმი ფაქტობრივად პლეი ოფს მიღმა რჩებოდა. ზღვისპირელებს რჩებოდათ პლეი ოფში გასვლის შანსი, მაგრამ – ნაკლებად რეალური. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ძირითად დროში ვერ გადაწყდა – 80:80. დამატებით 5-წუთეულში ოლიმპელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლეს. საბოლოო ანგარიშია 92:88 (სტატისტიკა).
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც ძირითადი დროის ბოლო წუთებზე და ზოგადად უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო. მის ანგარიშზე 32 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 21 ქულა და 10 მოხსნა დევანტე ფოსტერმა, ხოლო 15 ქულა და 9 მოხსნა დონოვან სმიტმა მიითვალეს. ბათუმელთაგან 31 ქულით ტომას უაილდერი გამოირჩა, 11 ქულა და 11 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა.