სუპერლიგის ერთ მატჩს სამშაბათს ბათუმმა უმასპინძლა. აჭარაში სათამაშოდ ჩავიდა თბილისის ოლიმპი, რომელმაც ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, თუმცა მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ შედეგები გამოასწორა. ოლიმპელებს 6 ტურის შემდეგ 5 წაგება ჰქონდათ, როცა დიმიტრი ჯაკობოვის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტი დავით როგავამ დაიკავა და მას შემდეგ გუნდმა 4-დან 3 შეხვედრა მოიგო.
ბათუმელებმა მატჩი კარგად დაიწყეს. პირველ პერიოდის შემდეგ გია კაზანჯიანის გაწვრთნილი მასპინძლები 22:21 იგებდნენ, თუმცა გუნდური თამაშითა და სწრაფი კონტრშეტევებით ოლიმპმა თამაში დაალაგა და ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება მოახერხა. პერიოდის 24:15 მოგების შემდეგ სტუმრები დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ და ტემპი არც მეორე ნახევარში დააგდეს.
ბათუმელები ცდილობდნენ მაქსიმუმს და პერიოდულად ჩამორჩენას მინიმუმამდეც ამცირებდნენ, თუმცა მოსაგებად შემართული და რაც მთავარია, გააზრებულად მოთამაშე ოლიმპელთა შეჩერება მასპინძლებმა ვერ შეძლეს. საბოლოოდ როგავას გუნდმა 88:78 (სტატისტიკა) იმარჯვა და ცხრილში მე-4 ადგილზე აღზევდა. რაც შეეხება ბათუმს, ზღვისპირელებმა ბოლო 6 თამაშიდან მეხუთედ წააგეს და ერთ დროს ლიდერთა შორის მყოფები 3 გამარჯვებით ამჟამად მე-7 ადგილზე არიან.
სუპერლიგის მომდევნო 2 მატჩი 30 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: ცხუმ-აფხაზეთი – რუსთავი 12:00, ტიტები – ქუთაისი 14:30