გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-7 ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი დასრულდა. დაკარგული ქულების მხრივ სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ოლიმპმა” “დინამო” დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმაგრა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ოლიმპელთა გაქცევამ დინამოელები წელში გატეხა.
პირველი მეოთხედი ფრედ – 18:18 დასრულდა. მეორეში დინამოელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ვოვა თავაქარაშვილის და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის წინამძღოლობით “დინამომ” გაქცევა მოაწყო და ათწუთეულის 29:21 მოგებით დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდა – 47:39. 10-წუთიანი დასვენება კარგად გამოიყენა “ოლიმპმა”, რომლის გასახდელიდან დაბრუნებული კალათბურთელები თითქმის ყველაფერში ჯობნიდნენ მეტოქეს და ჩამორჩენა ხომ მალე გააბათილეს, სოლიდურადაც დაწინაურდნენ.
მე-3 პერიოდი ოლიმპელებმა 29:12 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. დაწინაურებულმა “ოლიმპმა” ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვა. დაახლოებით 10-ქულიან ჰანდიკაპს თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდა და საბოლოოდ 88:77 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბუნდუ აბდულაიმ, რომელმაც 21 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 21 ქულა მიითვალა ოლიმპის შემტევმა უკანახაზელმა კახა ჯინჭარაძემ, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 13 ქულა და 11 პასი გივი ბაქრაძემ გაიფორმა. “დინამოში” 20 ქულით საუკეთესო იყო დანტე ტომპსონი, ხოლო ბენჟამინ ქოლეჯის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.