10 ნომბრის თამაშები დაძაბული და საინტერესო შეხვედრით დასრულდა. სუპერლიგის პირველი ტურის რიგით მესამე მატჩში ერთმანეთს “კაკტუსი” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის 23-ე წუთზე “კაკტუსი” 38 ქულით იგებდა (61:23), ხოლო ბოლო პერიოდში 21 ქულით ლიდერობდა, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.
“ოლიმპის” კალათბურთელებმა ბოლო პერიოდში დაიწყეს უხეირო თამაშის გამოსწორება. ამას ისიც დაერთო, რომ კაკტუსელებმა ნაადრევად ჩათვალეს თამაში მოგებულად და კინაღამ დაისაჯნენ. “ოლიმპის” მოთამაშეებმა სამქულიანებითა და სწრაფი გარღვევებით იმდენი შეძლეს, რომ მატჩის ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 71:72. დასკვნით წუთნახევარში “კაკტუსს” ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა. მტკიცე დაცვის ხარჯზე კაკტუსელებმა მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელეს და საპასუხო შეტევაში მითვლილი საჯარიმოების შემდეგ 4 ქულით გალიდერდნენ, რაც გამარჯვებას ნიშნავდა.
საბოლოოდ არჩილ ჟღენტის გუნდმა 4 ქულით იმარჯვა და სუპერლიგა წარმატებით დაიწყო. გამარჯვებულებს 27 ქულით ანტუან ჯენუარიმ ულიდერა, რომელმაც პირველ ნახევარში 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და ის სოლიდური უპირატესობა, რაც “კაკტუსმა” მოიპოვა, მისმა მიზნის სიზუსტემ განაპირობა. 15 ქულა მიითვალა ნიკოლას ნილმა, ხოლო გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. “ოლიმპში” 22 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. 12 ქულა ახალგაზრდა ნიკა დარბაიძემ მიითვალა, ხოლო დარეონ ბენეტმა და ჩარლზ ბენეტმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.
სუპერლიგის პირველი ტურის დარჩენილი 2 მატჩი 11 ნოემბერს ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება. ქვემო ქართლში სათამაშოდ “ბათუმი” ჩავა, ხოლო იმერეთს “თსუ-ჰიუნდაი” ესტუმრება.
კაკტუსი – ოლიმპი
სტატისტიკა: 78:74