სტატისტიკა
გალერეასაკალათბურთო სუპერლიგის მე-17 ტური გუშინ ქუთაისში
1 მატჩით დაიწყო და დღეს თბილისში 3 შეხვედრით დასრულდება. პირველ მატჩში ერთმანეთს
„ოლიმპი“ და დაკარგული ქულების მხრივ ჩემპიონატის ლიდერი „ბათუმი“ შეხვდნენ. მატჩი
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის ბედი ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა,
ხოლო დამატებითი 5-წუთეულის შემდეგ შეხვედრა ოლიმპელებმა 101:97 მოიგეს.
პირველ ტაიმში თბილისელებმა გამორჩეული შედეგიანობა
გამოიჩინეს. ლაშა ფარღალავამ 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო რევაზ დიდიამ 3-დან
3. „ოლიმპმა“ პირველ ნახევარში მთლიანობაში 11 სამქულიანი მიითვალა და დიდ შესვენებაზე
9-ქულიანი ლიდერობით – 53:44 გავიდა.
მესამე მეოთხედი ბათუმელთა აქტიურობით დაიყო და უკვე
3 წუთში ანგარიში გათანაბრდა. სტუმრებმა დროის აღნიშნული მონაკვეთი 11:2 მოიგეს და
ანგარიში საყაიმო – 55:55 გახდა. ამის შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა და საფინალო
სირენამდე 4 წუთით ადრე ლეონიდ სტეპანიშინის მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ „ბათუმი“
87:81 დაწინაურდა. აჭარელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა „ოლიმპი“ ბოლომდე
არ დანებდა. ამას დაერთო ბათუმელების ტაქტიკურად გაუმართავი თამაში, რასაც მატჩის ბოლო
წამზე ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. 3 ქულით ჩამორჩენილმა ოლიმპელებმა სამქულიანი
ააცილეს, თუმცა რეზო როგავამ მოხსნა, პერიმეტრზე ავიდა და საფინალო სირენის თანხლებით
სამქულიანი ჩააგდო – 90:90.
დამატებით დროში ფსიქოლოგიურად გატეხილმა ბათუმელებმა
ვეღარ მოახერხეს მოსაგებად განწყობა, ოლიმპიელებმა კი შორი სროლებით გასამარჯვებლად
სამყოფი ქულების მითვლა და უაღრესად საჭირო მოგება მიითვალეს. „ოლიმპში“ 26 ქულით ბომბარდირი
ლაშა ფარღალავა გახდა. 23 ქულა მიითვალა რეზო როგავამ, ხოლო ლესლი სმიტის ანგარიშზე
11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. „ბათუმში“ 33 ქულით და 1ო მოხსნით აუკეთესო იყო უკრაინელი
იგორ კრივცოვი.
ოლიმპი – ბათუმი 101:97
მატჩისშემდგომი
კომენტარები
ირაკლი მაისურაძე
(„ოლიმპის“ მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ორმაგად სასიხარულოა,
რომ ბოლო მომენტში თითქმის უიმედო შეხვედრა შემოვატრიალეთ და საკმაოდ ძლიერი მეტოქე
დავამარცხეთ. იმედი მაქვს, ეს მოგება იქნება ჩვენი ა მომავალი გამარჯვებების საწინდარი
და მჯერა, რომ ოთხეულში შესვლას მოვახერხებთ.
დავით უსტიაშვილი
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ფაქტიურად მოგებული თამაში გავუშვით ხელიდან. თითქმის მორჩენილი იყო თამაში
და ჩვენივე შეცდომებით წავაგეთ. ოლიმპს მივულოცავ ამ გამარჯვებას და შემდეგ მატჩში,
რომელიც „რუსთავთან“ გვექნება საინტერესო თამაშს გპირდებით.