სტატისტიკა
გალერეა
სუპერლიგის მეორე
ტური “ოლიმპისა” და “მაკაბის” მატჩით დასრულდა. დავით თორთლაძის
გუნდმა, მიუხედავად რიჩარდ მათიაშვილის დისკვალიფიკაციისა, იოლად დაამარცხა “მაკაბი”
– 96:59.
ჯამლეტ და მიხეილ
ხუხაშვილების გაწვრთნილმა მაკაბელებმა პირველ ტურში “შსს აკადემიას” სოლიდური
წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წუთებზე, 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. დღევანდელ შეხვედრაში
კი “ოლიმპს”ვერაფერი მოუხერხეს. თორთლაძის გუნდმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა
და მეტოქეს წარმატების შანსი არ მისცა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად
პირველი მეოთხედის ბოლოს გადაწყდა, რომელიც ოლიმპელებმა 19 ქულის სხვაობით – 25:6 მოიგეს,
ხოლო დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 32 ქულამდე გაზარდეს – 53:21. დომინანტი გუნდიდან
ვინმეს გამორჩევა ძნელია – ყველამ, ვინც მოედანზე იყო, დამაჯერებლად და შედეგიანად
ითამაშა.
“ოლიმპის”
6 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს გადასცდა. საინტერესო შედეგი დააფიქსირა რეზო ათანელიშვილმა:
ოლიმპელთა 13-მა ნომერმა 13 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ბომბარდირი კი 19 ქულის მომგროვებელი
გიორგი ხანიაშვილი გახდა. მაკაბელთა შორის 16 ქულა ჰქონდა გიორგი ფერიაშვილს, ლევან
რევაზაშვილმა 14 მოაგროვა, ხოლო გიორგი ტეტელაშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
მომდევნო ტურის მატჩები 1 და
4 ნოემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში
აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ ველოდეი ამხელა ანგარიშით მოგებას. დღეს იღბალიც ჩვენს
მხარეს იყო, თუმცა არ დავუკარგავ ბიჭებს შრომას, სწორედ ისინი თამაშობენ და იგებენ
და არა მწვრთნელები. მინდა მათ დიდი მადლობა
ვუთხრა, ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა.
ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი
მწვრთნელი): მე მატჩის დაწყებამდეც
აღვნიშნე, რომ ,,ოლიმპი’’ ძლიერი გუნდია და ჩვენ მხოლოდ თეორიულად შეგვეძლო მათი დამარცხება,
ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას წაუვიდოდა თამაში, როგორც ეს პირველ ტურში იყო.
თუმცა დღეს მატჩის დასაწყისშივე მივხვდით, რომ მხოლოდ იღბალი არ წყვეტს ყველაფერს. ფერიაშვის მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა, სროლები არავის
წაუვიდა. ,,ოლიმპს’’ კი ყველაფერი გამოუვიდა და ვულოცავ მათ დამსახურებულ გამარჯვებას.
უნდა აღვნიშნო მაიზერ რევაზაშვილის გმირობა, მან დღეს 18–წლამდელთა ჩემპიონატში 64
ქულა გააკეთა, ,,ოლიმპის’’ წინააღმდეგ კი 6 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა თავი. ჩვენი
მიზანი სწორედ ასეთი ახალგაზრდების გაზრდაა.
რევაზ ათანელიშვილი(,,ოლიმპი’’): წინა ტურში წაგებული თამაშის შემდეგ მოვახერხეთ
მობილიზება, დღეს მაქსიმალურად მოტივირებულები გამოვედით და დაცვაში კარგად ვითამაშეთ,
მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დავუშვით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სასიხარულოა, რომ
ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას
და მომავალშიც ამას ვუსურვებ.
მაიზერ რევაზაშვილი(,,მაკაბი’’):
საწყენია, რომ დავმარცხდით, ნამდვილად შეგვეძლო უკეთესად თამაში. იმედია, მაყურებელს ასეთ ცუდ თამაშს აღარ ვაჩვენებთ.