ოლიმპმა მარგვეთს ოვერტაიმში სძლია და სერიაში 2:1 დაწინაურდა

ოლიმპმა მარგვეთს ოვერტაიმში სძლია და სერიაში 2:1 დაწინაურდა

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა ოლიმპმა მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩში დიდი ბრძოლა გადაიტანა მარგვეთთან, რომელიც დამატებით დროში – 91:86 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. მარგვეთი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გამარჯვებას მეტოქეზე არანაკლებად იმსახურებდა, თუმცა საკვანძო ეპიზოდებში ოლიმპს მეტი კონცენტრაცია, შეიძლება ითქვას, იღბალიც აღმოაჩნდა და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, თუმცა სანამ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება.  ძირითადი დროის დასრულებამდე 16 წამით ადრე ტობიას ჰოვარდმა გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო და  ოლიმპის მთავარმა მწვრთნელმა, დავით როგავამ წუთშესვენება აიღო, რომელზეც გადამწყვეტი შეტევა დაგეგმა. ჩანაფიქრი არ განხორციელდა, ბურთი ისე გადაეცა მარგვეთს, დრო არც ჩართულა. ბურთის შემოტანისას, ოლიმპის მეფარე ლინტონ ესლაისი შეტევაში დაჯარიმდა და ახლა უკვე მარგვეთმა შეუტია მოსაგებად.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ბურთი გაათამაშა და ზედ საფინალო სირენამდე, სამქულიან ხაზთან ეულად დარჩენილმა ზაკ უოლტონმა პოტენციურად გამარჯვების ბურთი ესროლა რომელიც მიზანს ასცდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. იშვიათად ხდება, რომ ოვერტაიმში გუნდი ბურთს ვერ აგდებს. სწორედ ასეთი რამ დაემართა მარგვეთს, რომელმაც ექსტრახუთწუთეული 0:5 წააგო.

დამატებითი 5-წუთეული ორმხრივ შეცდომებში წარიმართა. ოლიმპმა თავიდანვე რომ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ, ბოლო წამებამდე ვერც ამ გუნდის წევრებმა და ვერც მარგვეთელებმა მეტოქის კალათი ვერ დალაშქრეს.

5-წუთეულის დასრულებამდე 30 წამით ადრე ჰოვარდმა მორიგი სროლა ააცილა და ოლიმპს 2-ქულიანი ლიდერობა დარჩა. შესატევად განკუთვნილი დროის ბოლოსწინა წამზე დრუ კუქსჰაუსენმა მისთვის მე-7 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა: დასრულებამდე 6 წამი იყო, ოლიმპის ლიდერობამ კი 5 ქულას მიაღწია და ყველაფერი გაირკვა.

გამარჯვებულებს 25 ქულით კუქსჰაუსენმა ულიდერა. 17 ქულა ლინტონ ესლაისმა მიითვალა. ლუკა კალატოზიშვილმა თავი 11 ქულას და 12 მოხსნას მოუყარა. მარგვეთში 21 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მარქუს გილსონი. ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.

სერიის მომდევნო შეხვედრა 25 აპრილს, დიღმის არენაზე, 14:00 საათზე გაიმართება.