საკალათბურთო კლუბი “ოლიმპი” ნახევარფინალს მიუახლოვდა. სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასულმა დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მეორე მატჩიც მოუგო “მეგას” და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოლიმპელებს ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აკლიათ.
დღევანდელ მატჩში “მეგა” სოლიდური დანაკლისით თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ძირითადი გამთამაშებელი მოისაკლისა. ტაილერ კორბინმა წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას მოედნის მიღმიდან უყურა. ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, თანაც გამთამაშებლის გარეშე “მეგას”, ცხადია, გაუჭირდა, თუმცა რეალურად პრობლემები მეორე ნახევარში შეექმნა. მანამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, უფრო ხშირად კი “მეგა” იგებდა. დიდი შესვენებისთვის ჩერქეზიშვილის გუნდმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა – 35:31.
მესამე პერიოდიდან “ოლიმპი” ამოქმედდა. უფრო დალაგებულად თამაშობდა დაცვაში და შეტევაშიც გზა გაეხსნა. მესამე პერიოდი ოლიმპელებმა 23:18 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბოლო პერიოდში როგავას გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ “ოლიმპმა” 78:70 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულებს ედვარდ ეკიორიმ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 14 – ილია ლონდარიძემ მიითვალა. “მეგაში” 26 ქულით ბომბარდირი გახდა დემონტე ფლანიგანი. 17-17 ქულა ოთარ ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა მიითვალეს.
სერიის მე-3 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 3 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.