“ოლიმპმა” “მგზავრები” ბოლო წუთებზე დაამარცხა

“ოლიმპმა” “მგზავრები” ბოლო წუთებზე დაამარცხა

მე-19 ტურის მესამე მატჩი “ოლიმპსა” და “მგზავრებს” შორის გაიმართა. ოლიმპელებმა სეზონი შედეგიანად დაიწყეს და ლიდერთა შორისაც იყვნენ, თუმცა შემდეგ უკრაინელი ლეონიდ ივატინის გაწვრთნილ გუნდს ტრავმებმა დარია ხელი და სატურნირო მდგომარეობა გაუუარესდა. ბოლო მატჩებში “ოლიმპმა” რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და “მგზავრებთან” მატჩიც აუცილებლად მოსაგებთა რიცხვს განეკუთვნებოდა.

თავის მხრივ, “მგზავრებისთვის” არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ შეხვედრას. ბუბა ბერიშვილის გუნდი ცხრილის ქვედა ნახევარშია და მიუხედავად იმისა, რომ ლიგიდან გავარდნა არ ემუქრება, იმედიანად რომ იყოს, საშუალო გაქანების გუნდების დამარცხება მართებს. “მგზავრებმაც” ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად, ბოლო პერიოდამდე ტოლ-სწორად ებრძოლნენ “ოლიმპს”, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – 81:87.

“ოლიმპს” ულიდერა გივი ბაქრაძემ, რომელიც თავის გუნდს როგორც გამთამაშებლად, ისე შეტევების დამგვირგვინებლად მოევლინა. ბაქრაძე 23 ქულით თანაგუნდელთაგან საუკეთესო იყო. ამასთან, გივის 6 პასიც დაუგროვდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. გამარჯვებულებს 13-13 ქულა შეაშველეს მერაბ ბოქოლიშვილმა და მორის ჰილმა, ხოლო გეგი ბაქრაძემ შეხვედრა 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. “მგზავრებში” 33 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 14 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ.

დავით როგავა – „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„რთული თამაში იყო, როგორც ველოდით. თუმცა, თანდათან ფორმაში ვდგებით, გვიბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. არ შეიძლება არ აღინიშნოს გეგი და გივი ბაქრაძეების გამორჩეულად კარგი თამაში. შეიძლება ითქვას, გივი ბაქრაძემ ამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა. ის თავის პოზიციაზე სუპერლიგაშ ერთ-ერთი საუკეთესოა“.

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:

„პირველ რიგში, ვულოცავ „ოლიმპს“ ღირსეულ გამარჯვებას. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთებზე. ბოლო პერიოდი, წესით, პირიქით უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ უამრავი შეცდომა დავუშვით შეტევებში. რა თქმა უნდა, ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც „ოლიმპს“ ჰყავს, ამას არ გვაპატიებდნენ.“

მგზავრები – ოლიმპი
სტატისტიკა: 81:87