ოლიმპმა მგზავრები დაამარცხა

ოლიმპმა მგზავრები დაამარცხა

სუპერლიგის მე-3 ტური დღეს „მგზავრებისა“ და „ოლიმპის“ მატჩით დასრულდა. ოლიმპელებმა მეტოქე შეხვედრის მე-3 პერიოდში გატეხეს და გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი პერიოდი ოლიმპის უპირატესობით დაიწყო და 10-წუთეულის მიწურულს 5 ქულით დაწინაურდა 22:17. მგზავრებმა მეორე პერიოდის მიწურულს 2 ქულამდე დაიყვანეს ანგარიშის სხვაობა და ტაიმის მიწურულს დიდ შესვენებაზე ტაბლოზე 39:37 დაფიქსირდა.

მესამე პერიოდში ოლიმპმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და მეოთხედის 27:10 მოგების შემდეგ ფაქტიურად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ბოლო მეოთხედში ბევრი არაფერი შეცვლილა და გამარჯვება ოლიმპს დარჩა 87:68 აღსანიშნავია, რომ მგზავრებს ავადმყოფობის გამო ვერ ეხმარებოდა ავთანდილ ლომინაშვილი.

გამარჯვებულებს 21 ქულითა და 6 მოხსნით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა, 16 ქულა დაგროვდა ახალგაზრდა მოთამაშის, ნიკა დარბაიძის ანგარიშზე, ხოლო გივი ბაქრაძემ გუნდს 13 ქულა და 7 პასი მოუტანა. დამარცხებულთაგან საუკეთესონი იყვნენ დერონ პაუერსი 21 ქულით, სანდრო სანაძე 13 ქულით და კახაბერ ჯინჭარაძე 11 ქულით.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: ტრავმება ძალიან შეგვაწუხა. პირველი ორი პერიოდი საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაკლდა ავთანდილ ლომინაშვილი. გუნდი სხვა განწყობით იყო და შესაბამისად ამ ტრავმების მერე სულ სხვა განწყობა წამოვიდა. სწორედ ამან მიგვიყვანა დამარცხებამდე. ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ და ტრავმებისდა მიუხედავად სასურველი შედეგი დავდოთ.

დავით როგავა, „ოლიმპის“ მწვრთნელი: პირველი მეოთხედში საკმაოდ დაძაბული თამაში მივიღეთ. მინდა აღვნიშნო, რომ „მგზავრები“ ახალგაზრდა და საკმაოდ კარგი გუნდია. მოგვიანებით გამოვასწორეთ თამაში, რაც შედეგზეც აისახა. დიდი მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის და მომავალ მატჩებში მგზავრებს წარმატებებს ვუსურვებ.