სტატისტიკა გალერეასუპერლიგის 25-ე ტური დღს 1 მატჩით დაიწყო. თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოლიმპი“ და მეორეადგილოსანი
„ქუთაისი“ შეხვდნენ. გამარჯვება ოლიმპელებს დარჩათ, რომლებმაც სამაგალითოდ იბრძოლეს
და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს – 77:73.
„ოლიმპი“ სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის და პლეი ოფში
უკვე გასულ „ქუთაისთან“ ძალიან მოინდომა. არადა, იმერულმა კლუბმა მატჩი ედეგიანად დაიწყო:
პირველი პერიოდი 19:10 მოიგო, თუმცა მასპინძლებმა ვითარების გამოსწორება მალევე მოახერხეს
და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 27:30.
„ოლიმპმა“ მესამე მეოთხედში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
თბილისური გუნდი დაცვაშიც შედეგიანად თამაშობდა და შეტევაშიც, რაც ბოლო პერიოდშიც გაგრძელდა
და თამაშის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე „ქუთაისი“ 9 ქულით ჩამორჩა. დარჩენილ დროში
სტუმრებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 2 ქულამდე
შემცირება იყო.
საბოლოოდ „ოლიმპმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
და ცხრილში „მგზავრები“ ბოლო ადგილზე დატოვა. თბილისურ გუნდს 23 ქულით რევაზ როგავამ
ულიდერა. 18 ქულა გივი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა, ტრე ბურნეთმა კი 17 ქულა მიითვალა.
„ქუთაისში“ 18 ქულით ბომბარდირი ზაურ ფაშაევი გახდა, გიორგი ცინცაძე კი სამმაგი დუბლის
ზღვრამდე მივიდა – 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.
25-ე ტურის დარჩნილი 3 შეხვედრა 7 და 8 აპრილს, ბათუმსა
და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
„პირველ რიგში ვულოცავ „ოლიმპს“ გამარჯვებას“. ჩვენი
მეტოქე უფრო მოტივირებული იყო დღვანდელი მატჩის მოსაგებად, მათ საამისოდ გარკვეული
მიზეზები აქვთ. ჩვენთვის კი არანაირი დატვირთვა არ ჰქონდა, პლეიოფში გასულები ვართ, მაგრამ
ამის მიუხედავად, ეს შეხვედრა არ უნდა წაგვეგო. სწორედ ბრძოლისუნარიანობით დაგვამარცხა
დღეს „ოლიმპმა“.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
„მოხარული ვარ, რომ დღევანდელ თამაშში გავიმარჯვეთ, რადგან ამისათვის ვემზადებოდით. მგზავრებთან დასანანი მარცხის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გუნდმა უენერგიოთ ითამაშა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ მატჩზე. რაც მოვილაპარაკეთ ვარჯიშებზე, ყველაფერი კარგად შევასრულეთ მოედანზე და ეს ტაბლოზეც აისახა კიდეც.“