“ოლიმპმა” “ქუთაისს” ზედიზედ მეორე მარცხი შეამთხვია

“ოლიმპმა” “ქუთაისს” ზედიზედ მეორე მარცხი შეამთხვია

სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” ბოლო 3 დღეში 2 მარცხი განიცადა. იმერულმა კლუბმა გუშინწინ “მგზავრებთან” წააგო, დღეს კი მორიგი ტურის მატჩი “ოლიმპთან” – 67:78 დათმო. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა “ოლიმპმა” კი თავის მხრივ რეაბილიტაცია მოახდინა. წინა ტურებში “ბათუმთან” და “დინამოსთან” წაგებების შემდეგ ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა.

თბილისელები “ქუთაისთან” შეხვედრას კარგად მომზადებულები შეხვდნენ. მასპინძლებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” კი ცდილობდა გაბათილებას, რაც ხან წარმატებით გამოსდიოდა და ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უფრო უკეთ მომზადებულმა გუნდმა გაიმარჯვა.

მესამე პერიოდში მოვლენები საინტერესოდ განითარდა. დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გასულმა “ოლიმპმა” უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა, თუმცა მესამე პერიოდშივე 14 ქულა გაანიავა და გადამწყვეტ ათწუთეულს მხოლოდ ქულიანი ლიდერობით შეხვდა. მატჩის ბედიც ბოლო პერიოდში გადაწყდა. “ოლიმპის” მოთამაშეებს დიდი ბრძოლისუნარიანობა აღმოაჩნდათ, რადგან დიდი უპირატესობის დაკარგვის შემდეგ თამაში ფაქტობრივად ახლიდან დაიწყეს და ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება მაინც მოახერხეს.

ივატინის გუნდმა ძალიან შეკრულად და დალაგებულად ითამაშა, რაც საბოლოოდ დაუფასდა კიდეც. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გივი ბაქრაძემ, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა ამერიკელმა მორის ჰილმა. 13 ქულა მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო გეგი ბაქრაძემ ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა. “ქუთაისში” 15 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. 14 ქულა და 8 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. 

24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “დინამო” და “მარნეული” ხვდებიან.

მატჩისშემდგომი კომენტარები 

კოტე ტუღუში – “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“აშკარაა, რომ ჩავარდნა გვაქვს, რაც ნორმალურია ნებისმიერ გუნდში და ზოგადად – სპორტში. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებმა რამე დააკლეს, მათ საკმარისად მოინდომეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. გვაკლია რაღაცა და ეს რაღაცა უნდა ვიპოვოთ უახლოეს დღეებში, რამეთუ, იცით, რომ 20 მარტს მნიშვნელოვანი მატჩი გველის თასზე “დინამოსთან”. ასეთი თამაშით ამ მატჩში შანსი არა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ, მაგრამ ასეთი თამაშის ხარისხით დავმარცხდებით”.

ლეონიდ ივატინი – “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი:

“ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მით უმეტეს, “ქუთაისთან” წინა 2 შეხვედრა წაგებული გვქონდა. ისიც ვიცოდით, რომ ქუთაისელები ცოტა სუსტად თამაშობენ გასვლაზე, ვიდრე შინ. “დინამოსთან” წინა ტურში დამარცხების შემდეგ 1 დღე გვქონდა, რაც მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ. სამწვრთნელო შტაბმა დაგეგმა “ქუთაისთან” თამაშის სამოქმედო გეგმა, რაც კალათბურთელებმა კარგად შეასრულეს და ამან განაპირობა ჩვენი გუნდის გამარჯვება”.

ოლიმპი – ქუთაისი
სტატისტიკა: 78:67

ფოტო: მირიან ჩხეიძე