გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ ფინალურ სერიაში
ანგარიში გაათანაბრა. ოლიმპელებმა გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავებული კალათბურთი
ითამაშეს, რაც როგორც შეტევაზე,
ისე დაცვაზე ითქმის. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის
გუნდმა მესამე მეოთხედამდე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა „ოლიმპის“
ტემპს და შედეგიან თამაშს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ 21 ქულის სხვაობით
– 65:86 დამარცხდა.
გია კაზანჯიანმა გუნდი წინა მატჩისგან განსხვავებული
ტაქტიკით ათამაშა. „ოლიმპმა“ შეხვედრა 2 ტანმაღალი კალათბურთელით დაიწყო. სტეფან მილოშევიჩისა
და აკაკი დვალიშვილის ტანდემი ფარქვეშ კარგად მოქმედებდა, რასაც უკანახაზელ სტენ სოკის
ზუსტი სამქულიანებიც დაერთო და ოლიმპელებმა პირველი მეოთხედი 25:20 მოიგეს.
„შსს-აკადემიაში“ კარგად ირჯებოდა ბენჟამინ რეიმონდი,
რომელიც პერიმეტრიდან და ფარის სიახლოვედან მიზანს ზუსტად ლაშქრავდა და გიორგი კეცელიდისის
გუნდი მეტოქესთან დისტანციას ინარჩუნებდა. რეიმონდს მხარი აუბა აკადემიელთა ბერძენმა
ლეგიონერმა ვასილის კუნასმა, რომელიც შედეგიან გადაცემებსაც არიგებდა და მიყოლებით
5 ქულა მიითვალა. შსს-ს ლეგიონერთა აქტიურობას ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა, თუმცა
ძალთა ბალანსი მოედანზე გამოსულმა დარენ მურმა დაარღვია, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს
3 ზუსტი გარღვევა განახორციელა და ოლიმპელები დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით
გავიდნენ – 49:42.
მესამე მეოთხედში ფარქვეშ ისევ მილოშევიჩ-დვალიშვილის
ეგრედ წოდებული „ორმაგი კოშკი“ გაბატონდა, ხოლო დერონ მურმა სწრაფი და რაც მთავარია,
შედეგიანი თამაში განაგრძო და სწორედ ეს მომენტი გახდა გარდამტეხი. დვალიშვილის ულამაზესი
ჩატენვის შემდეგ „ოლიმპის“ უპირატესობამ 12 ქულას მიაღწია – 57:45.
„შსს-აკადემიას“ მოთამაშეები ყველაფერს აკეთებდნენ,
მაგრამ ოლიმპელთა დაცვა უშეცდომოდ თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი 10 წუთი
იყო, გიორგის კეცელიდისის გუნდმა არათუ ვერაფერი შეცვალა, კიდევ უფრო ჩამორჩა და მატჩი
საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე წააგო.
ოლიმპელებს 17 ქულითა და 10 მოხსნით ლევან ფაცაციამ
ულიდერა, თუმცა გამარჯვებაში არანაკლები წვლილი შეიტანეს დერონ მურმა (15 ქულა), სტენ
სოკმა (17 ქულა) და მილოშევიჩმა (7 ქულა, 10 მოხსნა). „შსს-აკადემიაში“ 21 ქულით საუკეთესო
იყო ბენჯამინ რეიმონდი, ხოლო დენოტა ვონმა და კირკ არჩიბეკმა 12-12 ქულა მოაგროვეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე ანტიდოპინგურმა სააგენტომ
მოთამაშეთა ტესტირება ჩაატარა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში
23 მაისს, 18 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მინდა
მივულოცო ჩემს გუნდს გამარჯვება, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით
დაცვაში, 65 ქულა გავუშვით და ეს შსს აკადემიის დონის გუნდთან ძალიან კარგი შედეგია.
ამ პარამეტრში 70-ზე მეტ ქულას თუ არ გავუშვებთ, ნებისმიერი თამაშის მოგება შეგვიძლია.
განვიხილეთ გუშინდელი თამაში, სადაც ძალიან
ბევრი შეცდომა დავუშვით, ვიდეოანალიზის შემდეგ მივხვდით, როგორი დაცვა
უნდა გვეთამაშა. შედეგიც სახეზეა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დავამატებ,
რომ ჯარიმების ასეთი პროცენტით ძალიან გაგვიჭირდება.
გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია): დღევანდელი თამაშით,
რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. მეოთხე პერიოდი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მოწინააღმდეგემ
მშვენივრად იასპარეზა და ვულოცავ გამარჯვებას.
სტენ სოკი(ოლიმპი): ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ.
შსს-ს წინააღმდეგ თამაში არასდროს არაა ადვილი, ყოველთვის რამდენიმე ქულით ვიგებთ ან
ვაგებთ. დღეს კარგი სტარტი გვქონდა, გუშინ ზედმეტად ვნერვიულობდით. დღეს კი უფრო მობილიზებულები
და მონდომებულები ვიყავით. ძალიან რთული თამაშები გველის და პირველივე წამებიდან მაქსიმალურად
ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.
რეზო როგავა(შსს აკადემია): სეზონის განმავლობაში
ყველაზე ცუდი დაცვა ვითამაშეთ, არაფერი გამოგვივიდა, შეტევაშიც ვერ გამოვიჩინეთ თავი,
მხოლოდ 65 ქულა ჩავაგდეთ. თუმცა ვხვდებით, რომ ფინალში ორი ძლიერი გუნდიდან ის გაიმარჯვებს,
რომელიც შეძლებს ცუდი თამაშის შემდეგ სწორ ანალიზს, მომზადებას და უკეთესად ასპარეზობას.
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სერია ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ.
ოლიმპი – შსს აკადემია 86:65