თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა ნახევარფინალურის სერიის მესამე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ოლიმპისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩში გამარჯვება ოლიმპმა იზეიმა – 73:69, რომელმაც სერიაში 3:0 დაამარცხა მეტოქე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა ძალინ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც ქუთაისელები მინიმალური სხვაობით 17:16 დაწინაურდნენ. მეორე მეოთხედის ბოლოს წინ ,,ოლიმპი” გავიდა და ტაიმში 34:29 იმარჯვა. მესამე პერიოდში გუნდებმა კვლავ თანაბრად ითამაშეს, თუმცა ოლიმპელები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ და აღნიშნული ათწუთეულის მიწურულს 51:47 გავიდნენ წინ. მეოთხე მეოთხედში რევაზ დიდიამ შორეული 3-ქულიანის წყალობით ქუთაისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს- 50:51, მაგრამ ოლიმპელებმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს და გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის ხარჯზე თავიაანთ სასარგებლოდ 56:53 დააფიქსირეს. ცინცაძეს მხარი ნიკიცა სლიუკამაც აუბა და ოლიმპის გუნდი შეხვედრის შუწელში 59:53 დაწინაურდა, თუმცა ,,ქუთაისის” მხრიდან კარგად გაისარჯნენ დავით ბარბაქაძე და თეიმურაზ ბაბუნაშვილი, რომლებმაც მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე 1 ქულამდე შეამცირეს სხვაობა – 60:61. მატჩის დასასრულს დავით ბარბაქაძის 2 ქულიანით ,,ქუთაისი” წინ 63:62 გავიდნენ, თუმცა ,,ოლიმპმა”მოახერხა კონცენტრაციის მოხდენა და შეხვედრის ბოლო წუთზე 5 ქულიან უპირატესობას უწია – 70:65. ქუთიასის სერბმა ლეგიონერმა დარკო კოჰადარევიჩმა მორიგი შორეული სროლა განახორციელა და 41 წამით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა – 67:70, თუმცა დარჩენილ დროში ოლიმპელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს. გადამწყევტ მომენტში ქუთაისის გუნდმა მეტოქეს სათანადო წინამდეგობა ვერ გაუწია და ნახევარფინალური სერია მარცხით დაასრულა.
ოლიმპის გუნდს 20 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი ცინცაძემ ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ,,ქუთაისის” მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი დარკო კოჰადარევიჩი აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლია.
მატჩისშემდომ პრესკონფერენციაზე ოლიმპისა და ქუთაისის გუნდების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): დღევანდელი თამაში წინა ორი მატჩისგან ძალიან განსხვავებული იყო. რთულია 4 დღეში ძლიერ გუნდთან იბრძოლო, თანაც სხვადასხვა ქალაქში.
ვფიქრობ, ბოლოს მომენტში ძალიან გაგვიმართლა. ჯარიმები ჩვენ უფრო უკეთესად შევასრულეთ ვიდრე- ქუთაისმა. ორივე გუნდი ძალაგამოცლილია. ჩვენმა ცენტრებმა ივო ჰოგერმა და ივან ტოტოროვიჩმა დღეს სათანადოდ ვერ იასპარეზეს, არადა წინა შეხვედრაში ტოდოროვიჩმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დღეს კი გადაღლილობის გამო ვერაფერი გააწყო. ერთი მომენტით წინ გავედით და უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნეთ, რამაც საბოლოოდ ჩვენი გამარჯვება განაპირობა. რაც შეეხება ჩვენს უახლოეს გეგმებს, ვარჯიშს ორშაბათიდან შევუდგებით და შემდეგ შეკრებასაც გავივლით.
დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ჩვენი გუნდი ძალიან გადაღლილია. ბოლო 8 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ და ამასთან გასათვალისწინებელია მგზავრობის ფაქტორიც. გუნდზე უარყოფითი გავლენა იქონია იმანაც, რომ აპრილის თვეში მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარეთ, ისიც ბათუმთან და იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ. ერთი თვის განმავლობაში ფაქტიურად სხვა სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაში არ გვქონია. მიუხედავად წაგებისა, ბიჭებით კმაყოფილი ვარ. ისეთ გუნდთან თამაში როგორიც ოლიპია, ცხადია ძალიან რთულია თამაში. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდში ძალიან გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეები გიორგი ცინცაძე და გიორგი გამყრელიძე ირიცხებიან, რომლებთან ერთადაც ხუთი მაღალი დონის ლეგიონერიც ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ სამივე შეხვედრაში გვქონდა მოგების შანსი
და წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ბიჭების ბრძოლას და თავდადებას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.
ილიჩა მილუტინოვიჩი: დიდი მადლობა ჩვენ მეტოქეს, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა სამივე შეხვედრაში, მაგრამ ჩვენ უფრო მობილიზებულნი ვიყავით. ჩვენი გუნდი ძალიან ერთსულოვანი იყო, გუნდურად ვითამაშეთ და ამის ხარჯზე მივაღწიეთ გამარჯვებას. სამწუხაროა, რომ თქვენ არ გქონდათ საშუალება დასწრებოდით ქუთაისში გამართულ მატჩებს, სადაც ბრწყინავლე მატჩები შედგა. ქუთაისი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და გულშემატკივრის დიდი არმიითაც გამოირჩევა.