ოლიმპმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება თსუ-ს წინააღმდეგ მოიპოვა

ოლიმპმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება თსუ-ს წინააღმდეგ მოიპოვა

საკალათბურთო კლუბმა “ოლიმპმა” მიმდინარე სუპერლიგაში პირველი მატჩი მოიგო. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ეს მე-4 ცდაზე შეძლო. საწყის ტურებში დამარცხებულმა ოლიმპელებმა საკმაოდ სოლიდურ მეტოქეს – თსუ-ს მოუგეს. თან ეს ისე მოახერხეს, რომ გუნდის ერთბაშად 5 კალათბურთელი აკლდათ. ტრავმების გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს კახა ჯინჭარაძემ, ოთარ ფხაკაძემ, ლუკა კალატოზიშვილმა, დავით აბულაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა. 

დანაკლისის გამო “ოლიმპის” სათამაშო სტილი მეტწილად ინდივიდუალური იყო. სრული კარტბლანში მიიღო ამერიკელმა გამთამაშებელმა კენდრიკ ტომპსონმა, რომლის დიდებული საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე იმარჯვა სწორედ “ოლიმპმა”. ტომპსონმა შეხვედრა 38 ქულით დაასრულა. მან 15 ცდიდან 9 სამქულიანი ჩააგდო. აქედან ბოლო იყო თსუ-ელთა წელში გამტეხი, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჩააგდო და ოლიმპელები 7 ქულით დააწინაურა. 

ტომპსონთან ერთად “ოლიმპის” რიგებში სხვა ლეგიონერებიც – დევანტე ფოსტერი და ბუნდუ აბდულაი აქტიურობდნენ. საკმაოდ კარგად ითამაშეს ახალგაზრდა უკანახაზელებმა – ლევან ქვარცხავამ და დავით წივწივაძემ, რომლებმაც არაერთი მნიშვნელოვანი პასი თუ ჩაჭრა მიითვალეს.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, უმეტესწილად თსუ-ელები იგებდნენ, თუმცა “ოლიმპი” მუდამ კვალში იყო და ხანდახან ანგარიშსაც ათანაბრებდა. გადამწყვეტი გამოდგა ბოლო პერიოდის საწყისი წუთები, როცა 63:60 დაწინაურებულ თსუ-ს ოლიმპელებმა გაქცევა მოუწყვეს და 3-წუთიანი მონაკვეთის 10:4 მოგების შემდეგ 70:67 დაწინაურდნენ. აქ კი საკუთარ თავზე აიღეს თამაში “ოლიმპის” ლეგიონერებმა” და ერთი-ერთზე, სწრაფ თამაშში მეტოქე საბოლოოდ გატეხეს – 80:73 (სტატისტიკა)

მატჩის ბოლო წუთზე 2 ტექნიკურის გამო თამაშიდან გააძევეს თსუ-ს მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან “ოლიმპი” 7 ქულას იგებდა და მეტოქისთვის მიუწვდომელი იყო. გამარჯვებულთაგან 38 ქულით ტომპსონმა იყოჩაღა, 15 ქულა ჰქონდა დევანტე ფოსტერს, ხოლო ბუნდუ აბდულაიმ 9 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. თსუ-ში 28 ქულით ბრენდონ სლაი გამოირჩა. 13 ქულა და 9 მოხსნა საბა ლობჯანიძის ანგარიშზეა.