ოლიმპმა თსუ-ს სუპერლიგაში პირველი მარცხი აგემა

ოლიმპმა თსუ-ს სუპერლიგაში პირველი მარცხი აგემა

დღეს დაგეგმილი სუპერლიგის მე-4 ტურის მეორე მატჩი დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ ტურამდე 3-დან 3 გამარჯვების მქონე თსუ-მ პირველი მარცხი განიცადა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ოლიმპმა დაამარცხა, რომელმაც სუპერლიგის გათამაშება 2 წაგებით დაიწყო და მომდევნო 2 მატჩში დაუმარცხებელია. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თსუ-ს წნეხს მოედანზეც და მის მიღმაც გაუძლეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის საქომაგოდ ოლიმპიურ სასახლეში ათასზე მეტი სტუდენტი მოვიდა, რომლებმაც დარბაზის ერთი მხარე მთლიანად შეავსეს და მთელი თამაშის განმავლობაში თსუ-ს მხურვალედ ქომაგობდნენ.

დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი ოლიმპელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი დიდი ზეწოლის მიუხედავად მათ ჩინებულად ითამაშეს. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, ოლიმპმა თამაში დაალაგა. თსუ-ს სისწრაფეშიც აჰყვა და პერიმეტრიდანაც ზუსტად ესროდა. ეს უპირატესობა ანგარიშზე უმალ აისახა. მესამე ათწუთეული ოლიმპელებმა 28:16 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით გალიდერდნენ.

შეუჩერებელი იყო რეზო როგავა და ამერიკელი ლეგიონერები – აკიენ ფრედერიკი და კორი ჰოლდენი, რომლებსაც კარგად ავსებდნენ ოლიმპის მოედანზე მყოფი დანარჩენი კალათბურთელები. ჯაკობოვის გუნდის უპირატესობამ ბოლო პერიოდში 15 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც გაირკვა. ოლიმპელებმა საბოლოოდ 13 ქულით – 89:76 მოიგეს და 2-2 მოგებ-წაგებით ლიდერებში გაერივნენ. გამარჯვებულებს 23 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით რეზო როგავამ ულიდერა. 14 ქულა და 7 პასი კორი ჰოლდენის ანგარიშზე დაგროვდა. 12-12 ქულა კახა ჯინჭარაძემ და დევიონ ტერნერმა მიითვალეს.

სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 3 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ვერა დინამოს შეხვდება, ტიტები – მგზავრებს.

ოლიმპი – თსუ 
სტატისტიკა: 89:76