დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა ბეწვის ხიდზე გაიარა. სუპერლიგაში ზედიზედ 4 მოგების მომპოვებელმა გუნდმა მე-5 მატჩშიც გაიმარჯვა, თუმცა მხოლოდ 1 ქულით – 86:85 (სტატისტიკა) და ანგარიში თამაშის დაძაბულობის ხარისხზე კარგად მიანიშნებს. ოლიმპმა დაძაბულ ბრძოლაში, ღირსეულ მეტოქესთან, უაღრესად საჭირო მატჩი მოიგო. მართალია, ტიტები სატურნირო მდგომარეობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ეს ის გუნდია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს.
მთელი თამაშის მანძილზე ტიტების კალათბურთელები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ საჩემპიონო ამბიციის მქონე მეტოქეს. ოლიმპს რომ ჩემპიონობა უნდა, ამას ღიად აფიქსირებენ გუნდის ხელმძღვანელები და ესეც რომ არ გააკეთონ, გუნდის შემადგენლობა და ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგები ამის ლოგიკურ საფუძველს იძლევა.
დავუბრუნდეთ მატჩს და აღვნიშნოთ, რომ ტიტების კარგ თამაში დიდად განაპირობა მათმა ახალწვეულმა გიორგი გოგუამ. ახალგაზრდა კალათბურთელმა, რომელიც ამ მატჩის შემდეგ დიდი ყურადღების ცენტრში იქნება, 7 სამქულიანი ჩააგდო. როცა 204 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელი ამდენ სამიანს აგდებს, ეს მის გუნდს დიდ უპირატესობას და კომფორტს ანიჭებს და ძირითადად გოგუას ბონუს-ქულებით ეწინააღმდეგებოდა ტიტები მთელი თამაშის მანძილზე ოლიმპს. მხოლოდ გოგუა რას იზამდა, რიგიანად რომ არ ეთამაშათ ტიტების აღიარებულ ლიდერებს – კენდრიკ ტომპსონს, ლუკ მოიერსა და კვენტინ დევისს, თუმცა მათი სტაბილური თამაშის პარალელურად ახალგაზრდა გოგუას გაბრწყინებამ ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს მძლავრი ბიძგი და მატჩის მოგების რეალური შანსი უბოძა.
პირველი ნახევრის შემდეგ ოლიმპი 2 ქულით იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში ზემოთ ნახსენებმა ტიტების კალათბურთელებმა დიდებულად ითამაშეს და პერიოდის 30:21 მოგებით თავის გუნდს 7-ქულიანი ლიდერობა დაუბევეს. ნათქვამია და ხშირადაც ხდება: ვინც მესამე პერიოდს იგებს, თამაშიც მისი გამარჯვებით მთავრდება. ამჯერად ასე არ მოხდა. ბოლო წამებზე, დაძაბულ და ტოლ-სწორ ბრძოლაში, როცა თამაშის ბედს 1 ზუსტი სროლა წყვეტდა, ლიდერობა ხელიდან ხელში გადადიოდა. მთლიანობაში ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა, 8-ჯერ კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.
დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლუკა ლიკლიკაძემ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ოლიმპი 85:80 დააწინაურა. დევისმა ორიანით უპასუხა, რის შემდეგაც ლინტონ ესლაისმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და დასრულებამდე წუთით ადრე ოლიმპი 86:82 დაწინაურდა. ტიტები არ გატყდა და გოგუამ თავისი მე-7 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ტიტების ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 85:86. ლეჟავას გუნდმა მალე დაწინაურების შანსიც მოიპოვა, როცა გივი ბაქრაძემ ოლიმპის შეტევაში სამიანი გააცუდა და ტიტებს შესატევად 15 წამი დარჩა. აკაკი ლომოურის სროლას, რომელიც ტიტების ვეტერანმა კალათბურთელმა ზედ საფინალო სირენის წინ შეასრულა, გიორგი ტურძილაძემ დააფარა და თამაშიც დასრულდა.
ოლიმპში 27 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლინტონ ესლაისი. დრუ კუქსჰაუსენმა 22 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გივი ბაქრაძემ 15, ლუკა ლიკლიკაძემ კი 14 ქულა მოაგროვა. ტიტებში 26 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი გოგუამ დააფიქსირა. 23 ქულა დაგროვდა ლუკ მოიერის ანგარიშზე, კვენტინ დევისმა 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 16, 17 და 18 დეკემბერს გაიმართება.