მე-13 ტურის ბოლოსწინა მატჩს თბილისი არენამ უმასპინძლა. სანამ ზესტაფონში გადავიდოდეს, მარგვეთი თბილისში ბოლო მატჩებს მართავს. ამიტომაც, იმერულ დერბის თბილისმა უმასპინძლა. ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფ მარგვეთს გამარჯვება ჰაერივით სჭირდება და ტყიბულის ორბს ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით ამარცხებდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული ჩააგდო და მორიგი მარცხი განიცადა.
ზესტაფონელებმა მე-4 ლეგიონერი ახლახან დაიმატეს და მალიქ ჯეიკობსი შედეგიანადაც თამაშობს, მაგრამ მარგვეთს გამარჯვების მოპოვება ისევ ძალიან უჭირს. შედარებით თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ზესტაფონელებმა მეორე მეოთხედში ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, მაგრამ ორბმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
მესამე პერიოდში თანაბარი თამაში გაგრძელდა, თუმცა ზესტაფონის გუნდმა ლიდერობა ოდნავ გაზარდა და დასკვნით პერიოდს 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც ლეგიონერთა დახმარებით ორბმა 30:18 მოიგო და საბოლოოდ 93:85 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.
ორბში საუკეთესო იყო ჯონ ნეიგლი, რომელმაც 29 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 3 დაფარება მიითვალა. 21 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა რაიან ჰოლანდის ანგარიშზე, კენი კუპერმა კი 18 ქულა მოაგროვა. მარგვეთში 23-23 ქულით მალიქ ჯეიკობსი და მაიკლ მეისი გამოირჩნენ.
ორბისთვის ეს იყო მე-7 გამარჯვება და ტყიბულის გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში გაუ-ს და ქუთაისს გაუთანაბრდა, რომლებიც მოგებებით მხოლოდ თსუ-ს და გურჯაანს (8-8 მოგება) ჩამორჩებიან. მარგვეთი კი ბოლო ადგილზეა, რომელსაც 12 მატჩიდან მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს.
მე-13 ტურის დასკვნით შეხვედრაში გურჯაანი გორის ივერიონს უმასპინძლებს.