სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის ყოველი მომდევნო თამაში მაყურებლის ინტერესს
ამართლებს. „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ დაძაბული მატჩის შემდეგ მე-9 ტურის მეორე შეხვედრა
კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. ჩემპიონატის ლიდერ „ბათუმისა“ და ბოლოსწინა ადგილზე
მყოფი „მგზავრების“ დაპირისპირება ისეთი გამოდგა, დაძაბულობის მხრივ მიმდინარე სუპერლიგაში
ანალოგი ძნელად მოეძებნება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ცხრილის თავ-ბოლოში იმყოფებოდნენ, მაყურებელმა ძალიან დაძაბული დაპირისპირება
იხილა, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „მგზავრების“ გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა
„მგზავრებმა“ დამატებით დროში, 1 ქულით, ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით მოიგეს.
გადამწყვეტი ბურთი გიორგი ორმოცაძემ სირენის თანხლებით ჩააგდო და „მგზავრებმა“ საგმირო
გამარჯვების მოპოვება შეძლეს – 74:73.
მთელი თამაში თანაბრად მიმდინარეობდა. 4-5 ქულა იყო
ლიდერობის ის მაქსიმუმი, რომელსაც გუნდები იშვიათად აღწევდნენ, თუმცა დროებით. ბოლო
პერიოდი კი სულაც ქულა-ქულაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ძირითად დროში ვერ
გაირკვა. ანგარიში 64:64 ოყო, თუმცა გუნდებმა ბოლო 2 წუთში ბურთი ვერ ჩააგდეს და დაინიშნა
დამატებითი 5-წუთეული.
ოვერტაიმიც ძალიან დაძაბულად – ქულა-ქულაში წარიმართა.
ყველაზე დიდი სხვაობა დამატებითი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე დაფიქსირდა, როცა
გიორგი ორმოცაძემ, მატჩის მომავალმა გმირმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და „მგზავრები“
71:68 დააწინაურა. ბათუმელთა მორიგი შეტევა ირაკლი მიქელაძემ ზუსტი სამქულიანით დააგვირგვინა
და უკვე მერამდენედ, ანგარიში გათანაბრდა – 71:71 დასრულებამდე 37 წამით ადრე.
წუთშესვენების შემდეგ „მგზავრებმა“ ბურთი გვერდითი ხაზიდან
შემოიტანეს, რაც კახა ჯინჭარაძეს ბათუმელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, ლეონიდ სტეპანიშინმა
არ დაანება. უკრაინელმა ჩაჭრილი ბურთი მიქელაძეს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა ბათუმელები
საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე დააწინაურა – 73:71.
„მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა დასრულებამდე
14 წამით ადრე გაუმართლებლად შეუტია სამქულიანი ზონიდან, რადგან ამით მეტოქეს შეტევისთვის
დრო დაუტოვა. თუმცა თბილისელებს გაუმართლათ და აცილებული ბურთო მოხსნეს. ბერიშვილის
გუნდმა ბურთი გაათამაშა და გადამწყვეტი სროლა – თანაც სამქულიანი – ორმოცაძემ შეასრულა.
ბურთი კალათში ჩაეშვა.
გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი რეჯინალდ მერფი
გახდა, 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ორმოცაძემ, ქაშინ რენსომის ანგარიშზე კი 14 ქულა
დაგროვდა. ბათუმელთაგან 19 ქულით სტეპანიშინი გამოირჩა, აკაკი დვალიშვილმა კი შეხვედრა
14 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): ეს იყო გამართლება!
ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ისეთი ხარვეზები
გვქონდა, რომელსაც ნამდვილად არ მოველოდი. დიდი სამუშაო გვაქვს, რადგან ასეთი თამაშით,
ცხადია, გაგვიჭირდება მომავალში. საბედნიეროდ, დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო და მივულოცავ
ბიჭებს ამ გამარჯვებას.
ლაშა კეშელავა („ბათუმის“ მწვრთნელი): ძალიან
ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით, ისევ და ისევ ჩვენი შეცდომების გამო. ვერ ვითამაშეთ
დაცვაში, ვერც მოხსნებში ვაჩვენეთ სათანადო შედეგი, მაგრამ ყველაზე მეტად ვფქირობ, თამაშის
ბედი დღეს თავდასხმის ფაქტორმა განაპირობა
– გადამწყვეტ მომენტში ვერც ერთი შეტევა ბოლომდე
ვერ დავასრულეთ და პერიმეტრიდან სროლებიც არ წაგვივიდა.