ოვერტაიმი ქუთაისის კალათბურთელებთან
სუპერლიგის ბოლო
სამ სეზონში 2 ბრინჯაოს მედლის მომგები “ქუთაისი” მიმდინარე ჩემპიონატშიც
არანაკლებ ამბიციურია. იმერული კლუბი ერთადერთია, რომელმაც ამ სეზონში ლიდერი
“დინამოს” დამარცხება მოახერხა. რა იქნება მომავალში და რომელ ადგილს დაიკავებს
“ქუთაისი”, მაისის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე კი გუნდის წევრები თითოეული
გამარჯვებისთვის იბრძვიან და მიზანს უმეტესად აღწევენ კიდეც. მოედანს მიღმა მათ ტრადიციული
ქუთაისური იუმორი არ ავიწყდებათ და დასვენების პერიოდში დროს საინტერესოდ ატარებენ.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარბაქაძე ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ
ითვლება. “პატარა ველურას” შორი სროლებიც ეხერხება, ბურთის ეფექტური გდებაც
და არც იუმორში მოიკოჭლებს. ქუთაისელები არ არიან, მაგრამ ბარბაქაძეს იუმორში არ ჩამოუვარდებიან
გუნდის თბილისელი და რუსთაველი წევრები – რეზო დიდია და გოგა ცეკვავა. ჩვენს რუბრიკა”ოვერტაიმთან”
საუბრისას აღნიშნულმა ტრიომ ტრადიციულ, საკლათბურთო თემებთან ერთად ბევრ საინტერესო
საკითხზეც ისაუბრა.
სუპერლიგა
რევაზ დიდია: წლევანდელ სუპერლიგას საკმაოდ დადებითად
შევაფასებდი. ორგანიზების კუთხითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ სპორტის სასახლეს გულშემატკივარი
და მაყურებელი აკლია, რასაც ქუთაისზე ვერ ვიტყვით. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს
ქომაგებს, რომლებიც ყოველთვის მხურვალედ გვიჭერნენ მხარს. კარგი იქნება საზოგადოება
აქტიურად დაინტერესდეს კალათბურთით, იაროს
თამაშებზე და დარბაზი გაივსოს.
ლევან ცეკვავა:
წელს გუნდებს შორის სერიოზული კონურენციაა, რაც მისასალმებელია. არაერთი გუნდი გაძლიერდა და ჩემპიონობის რამდენიმე
რეალური პრეტენდენტია. ეს ჩემპიონატს საინტერესოს და დაძაბულს ხდის.
გიგი ბარბაქაძე: წელს უფრო თანაბარი ჩემპიონატია,
ბევრი თანაბარი გუნდია, ვინ ვის მოუგებს წინასწარ არ იცი და ეს ძალიან საინტერესოა.
რევაზ დიდია: სუპერლიგას მოცეკვავე გოგონები აკლიაJ ქუთაისში ეს ამბავი მოგვარებულია, თუმცა ძირითადად
ტრიბუნებზე ცეკვავენ ხოლმე J
ლევან ცეკვავა: სასურველია მეტი გუნდი იყოს სუპერლიგაში.
წელს სამი გუნდი გამოაკლდა და ეს აშკარად დაეტყო
ჩემპიონატს.
რევაზ დიდია: ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, საკანდელიძე-ქორქიას
მემორიალი ქუთაისში ჩატარდეს.
გიორგი ბარბაქაძე: მომავალს წელს ქუთაისი მოემზადება
ამ ტურნირის მასპინძლობისთვის.
ლევან ცეკვავა: ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი აღმოსავლეთ
საქართველოს უფრო მეტი გუნდი ეყოლებოდა. მაგალითად, კახეთის რეგიონიდან. როგორც ბათუმს და ქუთაისს ჰყავთ გუნდები, ასევე
უნდა ჰყავდეს, მაგალითად, თელავსაც. სხვა რეგიონებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ კალათბურთში
და უმაღლეს ლიგაში გუნდი გამოიყვანონ. იმედია, ამაზე ვინმე იზრუნებს.
ლეგიონერები
ლევან ცეკვავა:
ლეგიონერები ჩემპიონატში საჭიროა, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდმა კი არ უნდა შეუწყოს ხელი
ლეგიონერს, არამედ პირიქით, ლეგიონერი უნდა დაეხმაროს, შეეწყოს და მოერგოს გუნდს. ხშირად
მათი უმეტესობა პირად სტატისტიკაზე ფიქრობს და აქ გაკეთებული შედეგით სხვა გუნდში მოხვედრაზე
ზრუნავს.
რევაზ დიდია: ჩვენც გვყავდა ასეთი ლეგიონერი, ზაურ ფაშაევი, მაგრამ
გადმოვაწყვეთJ
რამოდენიმეჯერ ჰქონდა მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდაJ
J
გიორგი ბარბაქაძე: ვეთანხმები ბიჭებს, ლეგიონერი საჭიროა,
მაგრამ მთავარი არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური თამაშია.
ქუთაისი-2010
რევაზ დიდია: წელს ბევრი სერიოზული კონკურენტი გვყავს. საერთოდ
არ ველოდით რუსთავთან წაგებას, ამიტომ უკვე ყველას კონკურენტად მივიჩნევთ და ვცდილობთ
მობილიზებულად შევხდეთ ყველა თამაშს. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა, პროფესიონალურად
გვავარჯიშებენ, დილით ფიზიკური ვარჯიშები გვაქვს, საღამოს დარბაზში ვვარჯიშობთ. ყველანაირი
პირობა და კომფორტი გვაქვს შექმნილი.
გიორგი ბარბაქაძე: ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს
საფარის სახით. ეს უკვე გაცვეთილი თემაა, 4 წელია ამაზე ვსაუბრობთ. წელს სერიოზული
დაპირება გვაქვს და იმედია, მომავალი წელს
ეს დაპირება ასრულდება.
ლევან ცეკვავა: როგორც რეზიმ თქვა, თითქმის ყველა
გუნდი ძლიერია რამდენიმე სუსტს თუ არ ჩავთვლით. მთავარ კონკურენტად მაინც ,,დინამოს’’
მივიჩნევთ, შემადგელობითაც და სატურნირო ცხრილის გათვალისწინებითაც ლიდერია. ასევე
ძლიერი მეტოქეები არიან ,,არმია’’ და ,,ბათუმი’’, რომელსაც მომატების დიდი პერსპექტივა
აქვს. ასე რომ, კონკურენტები მრავლად გვყავს.
საქართველოს თასი
გიორგი ბარბაქაძე: როგორც თავიდანაც აღვნიშნე, შანსები
თანაბარია და ვინ ვის მოუგებს, წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ
და მაქსიმალურად ვიბრძოლებთ შედეგისთვის.
რევაზ დიდია: ვეცდებით თასზე კარგად ვიასპარეზოთ,
დიდი სურვილი გავქვს ფინალში გასვლის და მაქსიმალური
შედეგის ჩვენების.
ქუთაისის ასაკობრივი გუნდები
ლევან ცეკვავა: ქუთაისის ასაკობრივ გუნდებთან გარკვეული
შეხება გვაქვს. როგორც ვიცით, სპორტსკოლაში ძალიან ცუდი ინფრასტრუქტურაა და ამ ყველაფერს
სერიოზული მიხედვა სჭირდება. დარბაზში გათბობა, გასახდელები, საშხაპე და სხვა ელემენტარული
პირობები აუცილებლად უნდა არსებობდეს.
რევაზ დიდია: ძალიან გვინდოდა ბავშვებთან მისვლა
და საჩვენებელი ვარჯიშის ჩატარება, მაგრამ სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა. 20-წლამდელები
ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და ვცდილობთ 18-წლამდელთა გუნდთანაც გვქონდეს კონტაქტი.
გულშემატკივრები
ლევან ცეკვავა:
მთელი ქალაქია კალათბურთში ჩართული. მგონი რუსთავში არ მიცნობს იმდენი ხალხი და არ
მყავს იმდენი გულშემატკივარი, რამდენიც ქუთაისში.
გიორგი ბარბაქაძე: ბავშვები ძალიან აქტიური გულშემატკივრები
არიან. სადაც არ უნდა მივიდე ქუთაისში, ყოველთვის სითბოთი მხვდებიან. თამაშზე მათი
შეძახილები ძალიან მამხნევებს და ენერგიით მავსებს. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
რევაზ დიდია: გულშემატკივართა მხარდაჭერა ჩვენთვის
დიდი სტიმულია, თამაშს სულ სხვა ხიბლი აქვს, ჩვენი ქომაგები ყოველთვის სწორი და კარგი
შეძახილებით გვამხნევებენ.
კარიერა
რევაზ დიდია:
კალათბურთის თამაში 10-წლის ასაკში ნიკოლოზ დერიუგინთან დავიწყე,შემდეგ გელა წულაძესთან
და მიხეილ კობეშავიძესთან გადავედი. მამაჩემი სამოყვარულო დონეზე კარგად თამაშობდა,
ერთხელ ბავშვებს მოგვიგო და მომინდა, მეც მომეგო მისთვის, ამიტომ შევედი კალათბურთზეJ
ლევან ცეკვავა: კალათბურთზე ჩემი მეგობრები დადიოდნენ
და ერთ-ერთმა მეც მიმიყვანა. პირველად მალხაზ
აბაიშვილი მავარჯიშებდა, შემდეგ გურამ რეხვიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის
ჩემს აღზრდაში. მერე ბატონ ოთარ ხმელიძესთან
გადავედი, მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
16 წლის ვიყავი, როცა დიდ გუნდში მოვხვდი ისეთ კალათბურთელებთან, რომელთა გვერდით თამაშზე
ვერც ვიოცნებებდი – ირაკლი ჯაფარიძე, რამაზ გოგობერიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი…
გიორგი ბარბაქაძე: თავიდან თამაზ კოსტავასთან, ჩემს
ნათლიასთან მივედი ფეხბურთზე, ვარჯიშზე ბურთის გარეშე მივედი და კარებში დამაყენეს
J მეკარე ვიყავი.
დათო ამ პერიოდში უკვე დადიოდა კალათბურთზე, მის ვარჯიშებს ვესწრებოდი ხოლმე. სწორედ
მისმა მწვრთნელმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა აღმომაჩინა და მშობლებს ურჩია, კალათბურთზე
გადმოვეყვანეთ. როცა ნიკომ ჩემი ასაკის გუნდი გააკეთა, მასთან ვვარჯიშობდი, შემდეგ იყვნენ ვაჟა ჭოტაშვილი, თემურ აბულაძე და
სხვები.
გამარჯვებები
რევაზ დიდია: 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ”ბ ”ლიგის ჩემპიონები გავხდით და ეს ყველაზე კარგად მახსენდება. არავინ მოელოდა
ჩვენს გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის ახალი ჰიმნიც კი არ ჰქონდათ და ბიჭებმა გადმოვწერეთ. ნამდვილად ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი გამარჯვება
იყო.
ლევან ცეკვავა: ევროპის ჩემპიონატი არ მომიგია,
მაგრამ 2 თამაში განსაკუთრებულად მახსენდება. პირველი, როცა რუსთავის გუნდი 20-წლამდელთა
ჩემპიონები გავხდით, მეორე კი სუპერლიგის ჩემპიონობა იყო.
რევაზ დიდია:
ერთად ვიყავით უმაღლეს ლიგაში და ჩემპიონებიც ერთად გავხდით.
ლევან ცეკვავა:
20-წლამდელთა ჩემპიონობა მაინც ყველაზე სასიხარულო იყო, სიხარულისგან ვტიროდი. დადიანის
თასიც მოვიგე ,,რუსთავის’’ და ,,ქუთაისის’’ შემადგენლობაში და ესეც კარგად მახსენდება.
გიორგი ბარბაქაძე:
გოგამ რამდენჯერაც დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, იმდენჯერ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად
დასახელდა. სულ მგონი 5-ჯერ მოიგო და 4-ჯერ
საუკეთესო გახდა. რაც შეეხება ჩემს გამარჯვებას, ევროპის ჩემპიონატზე16-წლამდელთა ნაკრების
წარმატებას გავიხსენებდი, როცა ფინეთს მოვუგეთ, ”ბ” ლიგის ჩემპიონები გავხდით და ”ა”
ლიგაში გადავედით.
უნდა აღვნიშნო
ოლ სტარიც, შარშან 3-ქულიანების კონკურსის მოგებით პირველი გავხდი, ვისაც ჩატენვების
და სამქულიანების კონკურსიც მოგებული აქვს. არ ვიცოდი, თუ ორივე კონკურსი არც ერთ კალათბურთელს
არ ჰქონდა მოგებული, ამის შესახებ რეზიმ მითხრა და ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. გული მწყდება, რომ წელს ვეღარ მოვიგე 3-ქულიანების
კონკურსი, ძალიან არ გამიმართლა.
ფავორიტები
რევაზ დიდია: ბავშვობაში განსაკუთრებულად მიყვარდა ჯორდანი, მაგრამ
ახლა ასე არავის გამოვარჩევ. ძალიან მიყვარს
ევროლიგის ყურება და უფრო ბარსელონასკენ ვიხრები. ზოგადად, ევროპული კალათბურთი მირჩევნია NBA-ს, ბევრად უფრო
ინტელექტუალურია, ვიდრე ფიზიკურ მონაცემებსა და შოუზე ორიენტირებული ამერიკული თამაში.
ლევან ცეკვავა: NBA-ში ,,მაიამის’’ და მის ორ კალათბურთელს
– ლებრონ ჯეიმსს და დუეინ ვეიდს გამოვარჩევდი.
გიორგი ბარბაქაძე:
კონკრეტულად არავის ვგულშემატკივრობ, ნებისმიერი კარგი და ლამაზი თამაშის ყურება მსიამოვნებს,
თუმცა ,,მაიამის’’ თამაშს მეც გამოვარჩევდი, კალათბურთელებიდან კი ევროპაში ვგულშემატკივრობ
ნავაროს. დავეთანხმები რეზის, რომ ევროპული
კალათბურთი უფრო ტაქტიკურია, ვიდრე სანახაობრივი.
სამომავლო გეგმები
რევაზ დიდია: არ ვიცი, მომავალში რა იქნება, შეიძლება
ვერ გავაგრძელო ქუთაისში კარიერა, რადგან ოჯახი ძალიან მენატრება, დასვენების დღეებში
სულ გზაში ვართ. უკვე მე-4 წელია ასე ვართ.
გიორგი ბარბაქაძე: საფარი დიდი პრობლემაა, თუ არ შეიცვალა,
დარჩენის შანსი ძალიან ცოტაა, ვნახოთ, რა შემოთავაზებები იქნება და იმის მიხედვით გადავწყვეტ.
ლევან ცეკვავა:
ერთადერთი, რაც გვაძლებინებს, რეჟიმია, 2-ჯერადი ვარჯიშები გვაქვს, აუზი, ტრენაჟორები და
ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, სულ ფორმაში ვართ. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე
გუნდს აქვს საქართველოში ისეთი ვარჯიშები, როგორიც ჩვენ გვაქვს.
რევაზ დიდია: მომავალში აუცილებლად ამ სფეროში დავრჩები, თუმცა
უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, ახალგაზრდებმა ისწავლონ და მხოლოდ სპორტზე არ იფიქრონ.
მე 22 წლის ვიყავი, როცა ჩავაბარე და სტუდენტი
გავხდი. ქუთაისში ვსწავლობ საბანკო საქმეზე. მომავალში მაქვს სურვილი გოგასთან ერთად
მწვრთნელი გავხდე, გვაქვს სერიოზული გეგმები, გვინდა, კარგი კალათბურთელები გავზარდოთ.
ლევან ცეკვავა: მე და რეზის მართლა ძალიან გვინდა გუნდი გავაკეთოთ,
ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა.
გიორგი ბარბაქაძე: მე მათი გუნდის მენეჯერი ვიქნები
J
თავისუფალი დრო
რევაზ დიდია: ჩემი
მეუღლე თბილისში ცხოვრობს და ვცდილობ, დასვენების დღეეები მაინც გავატარო ოჯახთან ერთად,
ფაქტოვრივად, სულ გზაში ვარ.
ლევან ცეკვავა: მე და რეზი ერთად ვცხოვრობთ, ჩვენი
რეჟიმის გამო თავისუფალი დრო თითქმის არ გვაქვს, ვარჯიშიდან მოსვლის შემდეგ ვისვენებთ, საღამოს ისევ
ვარჯიში გვაქვს დ მუდმივად ასეა. დასვენების დღეს, როგორც რეზიმ თქვა, გზაში ვართ,
ოჯახთან ჩამოვდივართ და ღამე უკან ვბრუნდებით, რადგან დილით ისევ ვარჯიშზე უნდა ვიყოთ.
უკვე წლებია ასეთი რეჟიმი გვაქვს.
გიორგი ბარბაქაძე:
მე ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს, ქუთაისელი მეუღლე მყავს, გვყავს პატარა მათე და მთელ
თავისუფალ დროს ერთად ვატარებთ. რეზის და გოგასგან განსხვავებით, არც სადილის მომზადება
მიწევს J
ლევან ცეკვავა:
ჩვენს სადილსა და ვახშამზე მე ვზრუნავ J
თან, მეხერხება, თუმცა პრაქტიკულად, სხვა გზა არც მაქვს, რადგან რეზის საჭმლის კეთება
არ გამოსდის J
გიორგი ბარბაქაძე:
იყო პერიოდი, როცა 4 კაცი ვცხოვრობდით ერთად და იქ ძირითადად მე ვიყავი შეფ-მზარეული,
რეზი უფრო გამრთობი იყო, ჩვენს განწყობაზე ზრუნავდა და მუსიკალურად აფორმებდა ყველაფერს
J
ლევან ცეკვავა:
საფირმო საზაფხულო კერძი მაქვს, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს და მისი რეცეპტი
მხოლოდ მე ვიცი J
რევაზ დიდია:
,,შიმშილის გამოძახილი’’ ჰქვიაJ
ლევან ცეკვავა: საერთოდ, ბევრი კერძი გამომდის კარგადJ რეზიმაც იცის კარგი კერძის მომზადება, თუმცა არასდროს
გაუკეთებია და შესაბამისად, ჩვენც არასდროს გაგვისინჯავსJ
რევაზ დიდია: ცეზარს ვაკეთებს კარგად, მაგრამ
ჯერ არ გამიკეთებია. J
ეროვნული ნაკრები
რევაზ დიდია:
წელს ძალიან კარგი შანსები გვაქვს. ბიჭებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, ძალიან ვგულშემატკივრობ და დიდი სურვილი მაქვს, კვლავ ვიხილო ევროპაზე ჩვენი
ნაკრები, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
ლევან ცეკვავა:
წინა შესარჩევთან შედარებით, უკეთეს ჯგუფში
მოვხვდით. იმედია, წელს დანაკლისის გარეშე ვითამაშებთ, ყველა ჯანმრთელად იქნება და
აუცილებლად გავალთ შემდეგ ეტაპზე. ბიჭები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ თავიანთ გუნდებში
და დარწმუნებული ვარ, ევროპისთვისაც შესანიშნავ ფორმაში იქნებიან.
გიორგი ბარბაქაძე: იმედია, ბიჭები ფორმას შეინარჩუნებენ
და წარმატებებს მიაღწევენ. ძალიან კარგი შანსები გვაქვს და დანარჩენი მათზეა დამოკიდებული,
თავს უნდა გაუფრთხილდნენ, რათა შედეგი ვაჩვენოთ.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.
რჩევები ახალგაზრდებს
რევაზ დიდია: პირველ რიგში, უნდა უყვარდეთ კალათბურთი. მშობლებმა
მხოლოდ სიმაღლის გამო არ უნდა შეიყვანონ. ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშონ და იმაზე იფიქრონ,
რომ ევროპაში მათი თანატოლები ბევრად მეტს შრომობენ და ვარჯიშობენ და თუ რაიმე შედეგის
მიღწევა უნდათ, ეს უნდა გაითვალისწინონ.
გიორგი ბარბაქაძე:
უნდა შეიყვარონ სპორტი. ბევრი ვარჯიში და მონდომებაა საჭირო, მთელი დრო უნდა დაუთმო ვარჯიშს და შენს თავზე მუშაობას.
სიმაღლეში გაზრდის გამო არ უნდა იარო, ეს მაინც
ტყუილია J
რევაზ დიდია:
ნათელი მაგალითი გვყავს გოგას სახითJ
ლევან ცეკვავა:
თუმცა, საქართველოში მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი. ხელშეწყობაა საჭირო. სპორტსმენისთვის
სწავლაც აუცილებელია. სამწუხაროდ ჩვენ ვერ
ვუთავსებდით სპორტსა და სწავლას ერთმანეთს. ეს საკმაოდ რთულია და ამიტომ ამ მხრივ სახელმწიფომ
უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. აუცილებელია ფედერაციამაც შეუწყოს ხელი ახალგაზრდებს.
რევაზ დიდია:
მწვრთნელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ყველა ბავშვს უნდა მიექცეს ყურადღება, განურჩევლად
მათი სიმაღლისა და მონაცემისა, რადგან რამდენიმე
წელში შესაძლოა სულ სხვა სურათი მივიღოთ.
არც ერთი ბავშვი არ უნდა დაიჩაგროს.
გიორგი ბარბაქაძე: შესაძლოა ბავშვს თავიდან ტალანტი
არ აღმოაჩნდეს, მაგრამ მონდომებით და მუშაობით ბევრს მიაღწიოს. ამიტომ, მთავარი ბევრი
ვარჯიში და შრომაა.