ფედერაციის გამგეობისა და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებები

ფედერაციის გამგეობისა და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებები

გასულ კვირაში საკალათბურთო სუპერლიგისა და 20-წლამდელთა ჩემპიონატში მომხდარი დისციპლინარული დარღვევების შესახებ კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ და სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელეს.
 კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა გმობს ყველანაირ ძალადობას, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს გასული სეზონის განმავლობაში მიეცა არაერთი გაფრთხილება თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არაერთი პრევენციული ღონისძიებისა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სათამაშო გარემო, ა.წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის „ქუთაისი 2010“ და „თბილისის დინამოს“ მსვლელობისას მაყურებლის მხრიდან კვლავ იქნა ნასროლი მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნები, რის გამოც მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება მატჩის შეწყვეტის შესახებ. 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ იხელმძღვანელა დებულების მე-13 მუხლის (სუპერლიგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები) 13.3 პუნქტით და მიიღო გადაწყვეტილება:
1.      საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს მომდევნო კალენდარული მატჩი საშინაო მატჩი, რომელიც უნდა გაიმართოს ქ. ქუთაისში ა.წ. 2 დეკემბერს („ქუთაისი 2010“ – „კაკტუსი“), ჩატარდეს მაყურებელთა გარეშე. 
2.      საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ს დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 
3.      ა. წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის „ქუთაისი 2010“ და „თბილისის დინამოს“ მატჩის შედეგად განისაზღვროს, მსაჯების მიერ მატჩის შეწყვეტის მომენტისთვის დაფიქსირებული შედეგი 56:68 – „დინამო თბილისის“ სასარგებლოდ. 

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მათზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
1.       მგზავრები – სოხუმი (სუპერლიგა) – 26.11.16 (თბილისის სპორტის სასახლე)
„მგზავრების“ მოთამაშეს N14 ა. ლომინაშვილს მიეცა მკცარი გაფრთხილება.
2.    ბათუმი – ოლიმპი (სუპერლიგა) -26.11.16 (ბათუმის სპორტის სასახლე)
სუპერლიგის დებულების 20.3 მუხლისა და კალათბურთის ოფიციალური წესების (მუხ. 20.2.1 – 20.2.2)-ის თანახმად გუნდი ოლიმპი მიჩნეულ იქნა წაგებულად „უფლების ჩამორთმევით“, ქულათა ჩამონათვალში ჩაეწერა ნული (0) ქულა, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო გამარჯვება მიენიჭა მეტოქეს (ბათუმის გუნდს) ანგარიშით 20:0 (ოცით – ნული).
3.    ქუთაისი – რუსთავი (20-წლამდელთა ჩემპიონატი) U-20 25.11.16 (ქუთაისის სპორტის სასახლე)
კალათბურთის ოფიციალური წესების 39.2.1 მუხლის თანახმად ქუთაისის მოთამაშეები: N8 ვ. ფურცხვანიძე, N10 დ. გვენეტაძე, N23 ზ. ჟღენტი, N24 ს. ფარჯანაძე – დისკვალიფიცირებულნი არიან თითოეული ორ-ორი (2-2) თამაშით, ხოლო რუსთავის მოთამაშეები: N1 გ. ჩიხრაძე, N6 ნ. აბაიშვილი, N9 ი. წიქარიშვილი, N21 ს. პაპუაშვილი და N54 გ. გრიგორაშვილი – დისკვალიფიცირებულნი არიან თითოეული ერთ-ერთი (1-1) თამაშით.