ფინალური სერია შსს აკადემიის გამარჯვებით დაიწყო(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ფინალური სერია შსს აკადემიის გამარჯვებით დაიწყო(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკაგალერეა VIDEOსუპერლიგის ფინალური
სერია დაიწყო. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს სამ მოგებამდე მიმდინარე სერიაში „დინამო“
და „შსს-აკადემია“ ერკინებიან. დინამოელები რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულები
არიან, აკადემიელები კი მეორე ადგილის მფლობელები, თუმცა ფინალურ სერიაში ამას მნიშვნელობა
აღარ აქვს – მოედნის უპირატესობა არც ერთ არ აქვს და რომელი გუნდიც სერიაში 3 მატჩს
მოიგებს, ჩემპიონიც ის გახდება.

პირველი მატჩი
საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. მართალია, შეხვედრის ბოლო წუთები ისეთი
დაძაბული არ გამოდგა, როგორც შუა პერიოდი, თუმცა მაყურებელმა მაინც ხარისხიანი კალათბურთი
ნახა. მატჩი „შსს-აკადემიამ“ 11 ქულის სხვაობით – 77:66 მოიგო და ეს მთლიანად აკადემიელთა
გუნდს დამსახურებაა, რომლის მამოძრავებელი ძალა გიორგი ცინცაძე გახლდათ.

ეროვნული ნაკრების
გამთამაშებელმა შეხვედრა 19 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს,
რომ შეტევების ორგანიზებასთან ერთად ის თავს შეტევასაც წარმატებით ართმევდა. მისი გამოზომილი
პასების უმეტესობა შედეგიანად გამოიყენა მატჩის ბომბარდირმა ნიკა მეტრეველმა. ეროვნული
ნაკრების ფორვარდი შეუდარებელი იყო როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე, რაც მის შედეგიანობაშიც
აისახა.

პირველი ტაიმი
ფრედ დასრულდა და არც მესამე პერიოდის შემდეგ იყო ლიდერი გამოკვეთილი. აკადემიელებმა
ხელჩასაჭიდი უპირატესობა დასკვნითი პერიოდის მეორე ნახევარში მოიპოვეს, როცა კომბინირებულად
წარმატებული თამაშით – შედეგიანი სწრაფი შეტევებით, ზუსტი შორი სროლებით და საჯარიმოებით
წინ 10 ქულით გავიდნენ – 72:62. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 3 წუთში დინამოელებმა
ვერაფერი შეცვალეს და „შსს-აკადემიამ“ სერია გამარჯვებით გახსნა.

გამარჯვებულთაგან
25 ქულით ბომბარდირი ნიკა მეტრეველი გახდა, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა. 19 ქულით
და 10 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ცინცაძემაც, მესამე ორმაგი დუბლი გიორგი
შარაბიძის ანგარიშზეა – 12 ქულა, 11 მოხსნა. „დინამოში“ 12 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით
გიორგი გამყრელიძე გამოირჩა. რევაზ დიდიამ 4 სამქულიანი – 12 ქულა ჩააგდო. 11 ქულით
დაასრულა შეხვედრა გარიკ შერმანმა.

ფინალური სერიის
მეორე მატჩი ხვალ, 23 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ
რიგში, მივულოცავ კოტეს და ,,შსს აკადემიას’’ წარმატებას. დეტალურად არ შევუდგები თამაშის
განხილვას. მინდა დავიტოვო იმედი, რომ შეგვიძლია წარმატებული თამაში ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგის
წინააღმდეგ. ბევრი ხარვეზი გვქონდა, ,,აკადემია’’ ფლობდა უპირატესობას და ბოლო პერიოდში
ეს კიდევ უფრო გამყარდა. უნდა დავისვენოთ და კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია
წარმატებით ვიასპარეზოთ.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ ჩემს გუნდს სერიაში დაწინაურებას, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. სერია და ბრძოლა
გრძელდება, ხვალ კიდევ უფრო დაძაბული, მნიშვნელოვანი და რთული თამაში იქნება. ორივე
გუნდი კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ეს გამოჩნდა, ხარისხითაც საკმაოდ კარგი და სანახაობრივი
თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში ხარვეზები შედარებით
შევამცირეთ და ამან შედეგი გამოიღო. სერიაში 1:0 ვლიდერობთ, თუმცა სერია 3 მოგებამდე
გრძელდება. ,,დინამოს’’ შესწევს ძალა, რომ უკეთესად ითამაშოს და დარწმუნებული ვარ,
ასეც იქნება. ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად დავისვენოთ და ხვალისთვის მოვემზადოთ.

ნიკა მეტრეველი(,,შსს აკადემია’’): პირველი თამაში
მოვიგეთ, თუმცა ჯერ არაფერია დამთავრებული. ეს ნახევარი ნაბიჯიც არაა, უფრო რთული და
დაძაბული თამაშები გველის წინ, ამიტომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და შეცდომები შევამციროთ.