პირველი ტურნირი გოგონათა 3X3 კალათბურთში დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე არაერთი სამხედრო, კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. სასტუმრო “თბილისი მერიოტის” წინამდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით საკალათბურთო შეჯიბრი გაიმართა გოგონათა შორის. 3X3 კალათბურთში აქამდე გოგონათა ტურნირი არ გამართულა და ეს გახლდათ ამ მხრივ პირველი შეჯიბრი, რომელიც საქართველოში გაიმართა.
ტურნირმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. დამოუკიდებლობის დღესასწაულის აღსანიშნად რუსთაველის გამზირზე გამოსული მოქალაქეები საკალათბურთო მოედანთან ჩერდებოდნენ და თვალს ადევნებდნენ გოგონთა კალათბურთს. მონაწილე 6 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული. ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გავიდა.
ნახევარფინალში “ოვერტაიმმა” 7:1 დაამარცხა “ბოლ დანქერსი”, ხოლო “ედელვაისმა” “ნექსთ ლეველს” 7:5 სძლია. ფინალურ დაპირისპირებამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც “ნექსთ ლეველმა” დამატებით დროში – 10:8 დაამარცხა “ბოლ დანქერსი”.
ფინალური შეხვედრაც დაძაბული გამოდგა. თანაბარ ბრძოლაში საბოლოოდ გამარჯვება “ოვერტაიმმა” მოიპოვა, რომელმაც ” 6:4 დაამარცხა “ედელვაისი” და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: ვიკა გეგეშიძე, ელენე ილურიძე, ნათია ოთხმეზური და მაგდა სვიანაძე.
დაჯილდოების ცერემონიალზე სამივე პრიზიორ გუნდს მედლები და შესაბამისი სიგელები გადაეცათ. გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა – პაპუნა ფირალიშვილმა დააჯილდოვა.