ქართველ მსაჯებს ფიბა-ს სპეციალური პროგრამით ონლაინ-სემინარი ჩაუტარდათ

ქართველ მსაჯებს ფიბა-ს სპეციალური პროგრამით ონლაინ-სემინარი ჩაუტარდათ

ფიბა-ევროპის მსაჯთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 8 მაისს, ქართველ არბიტრებს ონლაინ-სემინარი ჩაუტარეს ფიბა-ს შესაბამისი განყოფილების წარმომადგენლებმა. FIBA SCOD – ეს გახლავთ მსაჯების განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმში გრძელდება. ფიბა-ში საქართველოს მსაჯთა რეგიონალური ინსტრუქტორის პოზიციაზე თურქი რუშთუ თურანი პოლონელმა გრეგორი ზემბლიცკიმ შეცვალა, რომელმაც ზემოთაღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენს არბიტრებს პირველი ონლაინ-სემინარი ჩაუტარა სროლის აქტის თემაზე – AOS (Act of shooting).

ონლაინ-კონფერენციაში ფიბა-ს მხარე საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლდათ. მას ესწრებოდა ფიბა-ევროპის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი დავორინ ნაკიჩი, ზემოთნახსენები გრეგორი ზემბლიცკი , რომელსაც სემინარის წარმართვაში ბერძენი ფიბა-ს არბიტრი – გიორგიოს პურსანიდისი ეხმარებოდა. სემინარის დაწყებამდე მონაწილეებს მიუნხენიდან მიმართა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა – კამილ ნოვაკმა

“ყველას სალამი მიუნხენიდან, გერმანიიდან. ჩვენი ნორმალური ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა სრულიად შეცვლილია. ჩვენი უმეტესობა სახლშია და მუშაობს შინიდან. ზოგიერთ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ მიდის, ზოგგან ჯერაც არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს: გავაგრძელოთ ცხოვრება და მუშაობა. ეს ეხება თქვენს სფეროს, მსაჯობასაც და მისტერ დავორინ ნაკიჩის და მისი გუნდის ინიციატივა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, განსაკუთრებით ასეთ რთულ ვითარებაში, უმნიშვნელოვანესია. FIBA SCOD-ის პროგრამა, რომელმაც კოვიდ 19-ის გამო ონლაინ-საგანმანათლებლო სტატუსი შეიძინა, მსაჯებისთვის ბევრი სიკეთის მომტანია, რადგან სულ ასე ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან, ჩვენ აღდგება ცხოვრების ნორმალური რიტმი და როცა მოთამაშეები დაუბრუნდებიან მოედანს, ეს ნიშნავს, რომ მსაჯებიც დაუბრუნდებით მოედანს. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ შემდეგ არ ვინანოთ, რომ ეს 1, 2, 3 თუ რამდენიც იქნება, იმდენი უქმე თვე უმოქმედობაში გავატარეთ. არა, ჩვენ ახლაც შეგვიძლია რაღაცის გაკეთება და ესაა სწორედ ონლაინ-განათლება. რა თქმა უნდა, ეს არაა იგივე, რაც მოედანზე შეგიძლიათ ისწავლოთ, მაგრამ არის ბევრი დეტალი, რისი სწავლაც შეიძლება დისტანციურად თქვენი სახლიდან ან იმ ადგილიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. ასე რომ, გააგრძელეთ, იყავით მოტივირებულები და გისურვებთ ყოველივე კარგს მისტერ დავორინთან ერთად და მჯერა, რომ მალე ყველა თქვენთაგან გიხილავთ კვლავ მოედანზე. მეც ძალიან მომენატრა დარბაზში შესვლა და ყურება როგორც მატჩების, ისე ვარჯიშების, სხვადასხვა საკალათბურთო აქტივობების. ასე რომ იყავით ჯანმრთელად, მოტივირებულად და მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს ევროპის მოედნებზე”.

მონაწილეებს მიმართა დავორინ ნაკიჩმაც, რომელმაც პროგრამაზე და ქართველი მსაჯების ფიბა-სთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიმართვების შემდეგ გრეგორი ზემბლიცკი და გიორგიოს პურსანიდისი ქართველი მსაჯებისთვის პროგრამის პირველი ნაწილის პრეზენტაციაზე გადავიდნენ. გეგმის მიხედვით, პირველი სემინარი სროლის აქტს ეხებოდა, რაზეც ევროპელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მსაჯებს ამომწურავი და დეტალური განსაზღვრებები წარმოუდგინეს. FIBA SCOD პროგრამის ონლაინ-სემინარები გაგრძელდება და ქართველი მსაჯებისთვის კვირაში ორჯერ ჩატარდება. მათ შუა პერიოდში კი ვიდეო-კლიპების დახმარებით ტესტირებები გაიმართება.