საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები გამარჯვებით ჩაერთო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, რომელსაც ანდორა მასპინძლობს. 13 ივლისს დასრულდა 18-წლამდე გოგონათა ანალოგიური ტურნირი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა და სადაც საქართველო ფინალში სომხეთთან დამარცხდა. იმ გუნდიდან საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში 4 კალათბურთელი თამაშობს, რომელთაგან 3 – ნატალია ოთხმეზური, ვიქტორია გეგეშიძე და მარი ღარიშვილი 18-წლამდელთა შორისაც ლიდერები იყვნენ.
სწორედ ოთხმეზურმა ულიდერა საქართველოს ნაკრებს დღეს დაწყებულ ტურნირში გიბრალტარის ნაკრებთან. ქართველებმა მეტოქეს იოლად – 61:46 სძლიეს და ჯგუფიდან გასასვლელად მასპინძელ ანდორელთა ძლევა სჭირდებათ. ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. პირველ ადგილებზე გასულები ნახევარფინალის საგზურს ინაღდებენ, ხოლო 2-3 ადგილებზე გასულები ნახევარფინალში გასასვლელ საკვალიფიკაციო მატჩს თამაშობენ. გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან – ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასულები პარალელური ჯგუფის მესამეადგილოსნებს შეხვდებიან.
საქართველოს ჯგუფში დღეს ძლეულ გიბრალტართან ერთად ანდორა ჰყავს. მეორე ჯგუფი კი უელსმა, კოსოვომ და მალტამ შეადგინეს. დღის მეორე მატჩში კოსოვომ დაძაბულ ბრძოლაში – 42:40 დაამარცხა უელსი. რაც შეეხება საქართველოსა და გიბრალტარის მატჩს, ვალენტინ დერიუგინის გაწვრთილმა გუნდმა პირველი პერიოდი 20:4 მოიგო, რითაც გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.
ქართველებს 23 ქულით, 6 ჩაჭრითა და 5 მოხსნით ნატალია ოთხმეზურმა ულიდერა. 11 ქულა მიითვალა ნანა ნავროზშვილმა, ხოლო მარიამ ოქროპირიძისა და ვიქტორია გეგეშიძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. საქართველო ნაკრები 19 ივლისს ანდორას დაუპირისირდება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. C დივიზიონი. ანდორაგიბრალტარი 46:61 საქართველო
სრული სტატისტიკა: 46:61