ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა იწყება

ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა იწყება

10 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება ტრადიციული ყველა
ვარსკვლავის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის
საუკეთესო მოთამაშეები შეხვდებიან.  23 მარტის შუადღიდან ჩვენს ვებ–გვერდზე შესარჩევი
გამოკითხვა იწყება.

გამოკითხვა გაგრძელდება 8 აპრილამდე, რის შედეგადაც შეირჩევა მეტოქე
გუნდების ხუთეულები, ხოლო დანარჩენ 7–7 მოთამაშეს მეტოქე გუნდების მწვრთნელები
შეარჩევენ. მწვრთნელებად კი ცხრილში პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდების
თავკაცები იქნებიან.

ოლ სტარის ერთი გუნდისთვის მოთამაშეები შეირჩევიან იმ კლუბებიდან,
რომლებიც დღევანდელი, ბოლოსწინა ტურის შემდეგ ცხრილში პირველ, მესამე, მეხუთე,
მეშვიდე და მეცხრე ადგილებზე იქნებიან, ხოლო მეორე გუნდისთვის შეირჩევიან
მოთამაშეები მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე ადგილებზე მყოფი კლუბებიდან.

ამ მომენტისთვის ცხრილი ასე გამოიყურება:

 

1. ენერჯი–ინვესტი

2. სსაუ

3. თსუ

4. ბათუმი

5. შსს

6. სოხუმი

7. დინამო

8. სამედიცინო–აკადემია

 

შესაბამისად, წითლად მონიშნული გუნდების გამორჩეული მოთამაშეები ერთ
მხარეს განლაგდება, ხოლო მეორე მხარეს ლურჯად მონიშნული გუნდების წარმომადგენლები
განლაგდებიან, რომლებსაც გულშემატკივრები ჩვენს ვებ–გვერდზე ყოველდღიურად მისცემენ
ხმას.

ყველა ვარსკვლავის მატჩ–აქციის დროს გაიმართება ჩატენვებისა და სამქულიანების
კონკურსები. შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ შარშანდელ გამარჯვებულებს –
სამქულიანებში გიორგი მარკოიშვილს და ჩატენვებში დავით ბარბაქაძეს, ასევე ამ კომპონენტებში
გამორჩეულ სუპერლიგის დანარჩენ მოთამაშეებს.

მატჩის ბოლოს გამოვლინდება ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე,
რომლისთვისაც სხვა კონკურსებში გამარჯვებულთა მსგავსად, საგანგებო პრიზი იქნება
დაწესებული.