წინა ტურში შსს-სთან შინ დამარცხებულმა „ქუთაისმა“ ხასიათი
თსუ-ს დამარცხებით გამოიკეთა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სახელმწიფო უნივერსიტეტელები
83:69 დაამარცხა,
თუმცა იმერელთათვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. თსუ-მ მატჩის საწყისი 3 მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა
და ლიდერობდა კიდეც. მესამე მეოთხედში გია ჩხეიძის გაწვრთნილი თსუ-ელები 10 ქულითაც
დაწინაურდნენ. როცა მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, ანგარიში 56:46 იყო სტუდენტების
სასარგებლოდ და სწორედ აქ აფეთქდა „ქუთაისი“. მომდევნო 5 წუთის განმავლობაში იმერულმა
კლუბმა თსუ-ს 19-ქულიანი გაქცევა მოუწყო. აღნიშნული
პერიოდი ქუთაისელებმა 24:5 მოიგეს და 70:61 დაწინაურდნენ.
თსუ-მ ერთიც გაიბრძოლა, როცა გივი ბაქრაძისა და ვასილ
ბერუაშვილის სამქულიანებით ჩამორჩენა 6-ქულამდე შეამცირა (67:73), თუმცა ქუთაისელებმა
სტუდენტებს მეტის გაკეთების საშუალება აღარ მისცეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
იმერულ კლუბში 31 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა რიჩარდ
მათიაშვილმა. პირველი შედეგი ამ ტურამდე რეკორდი იყო და ის 4 კალათბურთელს, მათ შორის
თავად მათიაშვილს ეკუთვნოდა, თუმცა ბათუმელმა ლაშა კეშელავამ დღეს „არმიას“ 41 ჩაუგდო.
19 მოხსნა კი მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია. აქამდე ყველაზე მეტი, 18 მოხსნა,
„ოლიმპის“ სერბ ცენტრ სტევან მილოშევიჩს ეკუთვნოდა.
მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდი და „ოლიმპი“ დაუპირისპირდებიან.
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, 14-ქულიანი სხვაობით
მოგება არაფერს ნიშნავს, გამომდინარე თსუს თამაშიდან. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, არის
ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდი და ვფიქრობ კიდევ და კიდევ მოუმატებს. რაც შეგვეხება
ჩვენ, გუნდში ბევრი ტავმიანობაა, მათიაშვილს, კვიმსაძეს და ბაბუნაშვილს ბოლოს არ უვარჯიაშიათ
და პირდაპირ თამაშზე გამოვიდნენ. დაგვრჩა მორიგი შეხვედრა და შემდეგ უკვე მოვემზადებით
მეორე წრისთვის.
გიორგი ჩხეიძე
(თსუ): მეოთხე პერიოდში
ვერ შევძელით ,,ზონის“ დაშლა, რამაც განაპირობა ჩვენი წაგება.დღევანდელ მატჩში, ჩემი,
როგორც მწვრთნელის შეცდომაც საკმაოდ ბევრია.
გიორგი ბარბაქაძე
(ქუთაისი): დაძაბული თამაში იყო,დაცვაში შეცდომები გვქონდა, ვეცდებით
გამოვასწოროთ.
ლუკა ნოზაძე
(თსუ): მივულოცავ ქუთაისს გამარჯვებას, სანახაობრივი თამაში
შედგა. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლო მეოთხედში გაგვიჭირდა და დავმარცხდით.