ფიბა ევროპის თასის მორიგი მატჩი გამართა ქუთაისი 2010-მა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის, მე-5 ტურში ესპანეთში, ბილბაოს შეხვდა და ბასკურ კლუბთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა. იმერულმა კლუბმა შეხვედრა საბოლოოდ 63:91 (სტატისტიკა) დათმო, თუმცა მთლიანობაში მეტოქეს არაფერი დაუთმო და სანამდე ძალები გასწვდა, ტოლ-სწორად ეთამაშებოდა.
ქუთაისელებმა პირველი პერიოდი მოიგეს. მისასალმებელია, რომ ქართულ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოირჩეოდნენ – გიორგი სულაბერიძისა და ბაქარ ბერეკაშვილის მონდომებით ქუთაისელებმა პირველი პერიოდის ბოლოს მოახერხეს ბილბაოელთა ჩამოტოვება და 2-წუთიან შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 18:16.
მეორე ათწუთეულში ესპანურმა გუნდმა სავსე ტრიბუნების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე მოახერხეს დაწინაურება, თუმცა რომ გეგმავდნენ, ისეთ ლიდერობას ვერ დაეპატრონნენ. აღსანიშნავია, რომ დარბაზში ქართველებიც იმყოებოდნენ, რომლებიც ხუთჯვრიანი დროშებით შეიარაღებულნი ამხნევებდნენ ქუთაისელებს. დიდი შესვენებისთვის ბილბაო 10 ქულით გალიდერდა – 38:28. მეორე ნახევარში თამაში მასპინძელთა კარნახით და სტუმართა ბოლომდე ბრძოლით წარიმართა. ქუთაისელებმა თამაშის გარდატეხა ვერ მოახერხეს, მაგრამ გაუტეხელი იმიჯი შეინარჩუნეს. დარბაზში, სადაც 13 ოქტომბერს მადრიდის რეალი 79:83 დამარცხდა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა შეხვედრა 63:91 დათმეს.
ქართულ კლუბში საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. კაკიმ 9-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. 12 ქულით ბომბარდირი გახდა ელია ჯოინერი, მარქილ სმიტმა 11 ჩააგდო, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. სოლიდური იყო 19 წლის ბაქარ ბერეკაშვილის გამოსვლა, რომელმაც 23 წუთში 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
ქუთაისი ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობას 13 ნოემბერს დაასრულებს, როცა ბოლო ტურის მატჩში თბილისში ბულგარულ ბალკანს უმასპინძლებს.