ქუთაისი დინამოს ძლევით მე-3-ზე გადავიდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
 გალერეა ფან-კლუბი

Video

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებიდან ყველაზე
მეტი ინტერესი ცენტრალურ შეხვედრას ახლდა. “დინამოსა” და “ქუთაისის”
დაპირისპირებას უნდა გაერკვია, დაიკავებდა თუ არა იმერული კლუბი მე-3 ადგილს. დინამოელებს
პირველობა გარანტირებული ჰქონდათ, ქუთაისელები კი გამარჯვების შემთხვევაში რეგულარულ
ჩემპიონატს მე-3 ადგილზე ასრულებდნენ.

“ქუთაისს” რომ წაეგო, მესამეზე “შსს-აკადემია”
გავიდოდა. დინამოელებს არჩევანის უფლება ჰქონდათ. თუკი მოიგებდნენ, წარმატებული მეოთხედფინალის
შემთხვევაში ნახევარფინალში “ქუთაისს” აიცილებდნენ და შსს-ს შეხვდებოდნენ,
თუმცა წაგების შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდებოდა.

“დინამოსთვის” ასეთ შორსმიმავალ გეგმებს ის
1 მარტივი მიზეზი ეწინააღმდეგებოდა, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა პირველ წრეში ქუთაისში
წააგო და ძნელად წარმოსადგენი იყო, რევანშის სურვილით არ ყოფილიყო გამსჭვალული. მატჩი
საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, რასაც ფონი “დინამოს” ფანებმაც შეუქმნეს, რომლებმაც
მატჩის დაწყებისთანავე მოედანზე ქაღალდის რულონები გადმოყარეს, ტრიბუნებზე კი მბოლავი
ჩირაღდნები აანთეს და შეხვედრის გაგრძელება რამდენიმე წუთით შეაფერხეს.

მიუხედავად ფან-კლუბის მხურვალე ქომაგობისა, ფავორიტად
მიჩნეულმა “დინამომ” წააგო. პირველი ტაიმის 35:30 მოგების შემდეგ დინამოელებმა
სუსტი მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 8:20 დათმეს და ბოლო პერიოდის წინ 43:50 ჩამორჩნენ.
ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდებოდა.

ქუთაისლები ბოლო პერიოდში მედგრად დაუდგენენ ძლიერ დინამოელებს
და უპირველესად დაცვაში სანაქებო თამაშის წყალობით ბოლო წუთებამდე სოლიდური ჰანდიკაპით
მივიდნენ – 63:54 საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე. დარჩენილ დროში “დინამო”
ბევრს ეცადა, მაგრამ ვითარების გამოსწორება ვეღარ მოახერხა – 66:64 “ქუთაისის”
სასარგებლოდ.

გამარჯვებულთაგან 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო
აკაკი დვალიშვილი გახლდათ, 12-12 ქულა დააგროვეს ზაურ ფაშაევმა და რევაზ დიდიამ.
“დინამოში” 19 ქულით და 12 მოხსნით სტევან მილოშევიჩი გამოირჩა, 18 ქულით
დაასრულა შეხვედრა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო გიორგი გამწყელიძე სამმაგი დუბლის ზღვარზე იყო
– 8 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი.

ამრიგად, “ქუთაისმა” მე-3 ადგილი დაიკავა
და პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სერიაში “სოხუმს” შეხვდება. “შსს-აკადემიას”
კი შესაბამისად მე-4 ადგილი ერგო და მეოთხედფინალში მოედნის უპირატესობით “ბათუმს”
შეუწყვილდა.

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 მატჩი
– “სოხუმი” – “არმია” დარჩა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. რაც შეგვეხება
ჩვენ, ფაქტია, რომ ვერ ვითამაშეთ. კონცენტრაცია გვაკლდა და ამაზე მეტყველებს 20 დაკარგვა.  პირველი ადგილი განაღდებული გვქონდა და, ალბათ,
ამის ბრალია იყო, რომ მოვემზადებით პლეიოფებისთვის, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მადლობას
ვეტყვი ჩემს ბიჭებს, მობილიზაცია მოახდინეს, გუნდური თამაში აჩვენეს და ბოლომდე იბრძოლეს.
რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, თუმცა მაინც სწრაფი, ლამაზი და ემოციური შეხვედრა გამოვიდა.
ძირითადი დატვირთვა ჩვენს გამთამაშებლებზე მოდიოდა, თუმცა კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ,
გუნდურად ვითამაშეთ. საინტერესო მეოთხედფინალური სერია გველის, მართლაც, ყველაფერი
თავიდან დაიწყება.

მიხეილ ჭოჭუა(,,დინამო’’): ვულოცავ ,,ქუთაისს’’,
ბიჭებმა იბრძოლეს და გაიმარჯვეს. მესამე პერიოდში მოვეშვით და ამან განაპირობა მატჩის
ბედი.

რევაზ დიდია(,,ქუთაისი’’): საკმაოდ კარგად
ვითამაშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. თავიდან ერთ-ერთზე დავიწყეთ, შემდეგ კი ზონაზე გადავედით
და ამან გაამართლა. ანგარიშიც მეტყველებს, რომ ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ.